უკრაინული ჯგუფი "პატრიოტის" სისტემის შესწავლას გრაფიკზე ადრე ამთავრებს

იანვრის შემდეგ, ოკლაჰომის შტატის ფორტ სილში, ამერიკულ არმიის საწვრთნელ ბაზაზე, 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პატრიოტ“ ანტისაჰაერო დაცვის სისტემის გამოყენებას სწავლობდა. მოსალოდნელია რომ ჯარისკაცები წვრთნას მარტში დაასრულებენ და უკრაინაში საჰაერო დაცვის ამ მობილური სისტემის განლაგებისთვის დაბრუნდებიან.

წინასწარი წვრთნის საკითხის მგრძნობიარე ბუნებისგან გამომდინარე, პენტაგონმა პროგრამაში მონაწილე ჯარისკაცების ფოტოგადაღება აკრძალა და „ამერიკის ხმას“ მათი სახელების გამხელის ნება არ დართო, თუმცა „ამერიკის ხმის ჟურნალისტი ბაზას ეწვია და ჯარისკაცების წვრთნას უშუალოდ დააკვირდა.

ასევე ნახეთ: რა არის "პატრიოტის სისტემა" და შეცვლის თუ არა ის ომის რეალობას?

უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის და ყველაზე ასაკოვანი 67 წლისაა. ბოლო 10 კვირის განმავლობაში, პენტაგონის მიერ შემუშავებული დაჩქარებული პროგრამის გამოყენებით, „პატრიოტის“ სისტემის ასათვისებლად მათ ყოველდღიურად 10 საათის განმავლობაში, კვირაში ექვს დღეს წვრთნიდნენ.

უკრაინული სასწავლო პროგრამა პენტაგონის ჩვეულებრივი კურსისგან განსხვავდება, რადგან ის კონკრეტულად უკრაინაში ომისთვის შეიქმნა. კლასიკური საჰაერო ბრძოლების სცენარების ნაცვლად, ეს კურსი რუსეთის შეჭრასთან ბრძოლის გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

ამერიკელმა ინსტრუქტორმა თქვა: „ჩვენი სამხედროები „პატრიოტის“ ბატარეის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას 40-45 წუთს ანდომებენ, უკრაინელები ამას 25 წუთში ახერხებენ. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ. მათ სამშობლოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

უკრაინამ ამერიკული „პატრიოტ“ სისტემის შესასწავლად გულდასმით შეარჩია ჯარისკაცები, რომლებსაც საჰაერო თავდასხმების მოგერიების მნიშვნელოვანი გამოცდილება ჰქონდათ. ამან პენტაგონს საშუალება მისცა სწავლების ჩვეულებრივი 6 თვიანი კურსი 10 კვირამდე შეეკვეცა.

„პატრიოტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემაა. შეუძლია საფრთხე 150 კილომეტრის რადიუსში აღმოაჩინოს, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს და ასევე თვითმფრინავებს და სხვა სამიზნეებს 20 კილომეტრ სიმაღლეზე გზა გადაუჭრას.

ფორტ სილიდან დაბრუნების შემდეგ, უკრაინელი ჯარისკაცები საბრძოლო კოორდინაციაში წვრთნის საბოლოო ეტაპს ევროპაში თავის კოლეგებთან ერთად გაივლიან. პენტაგონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირებში უკრაინაში „პატრიოტის“ სისტემების მუშაობას მოელის.