ნატოს ხელმძღვანელი: უკრაინული ძალები "ტერიტორიას თანდათან იკავებს"

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, კიევში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტის დროს თქვა, რომ უკრაინული ძალები რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრიერიშის ფარგლებში „ტერიტორიას თანდათან იკავებს“.

უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს სტოლტენბერგმა თქვა: „ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ძალები იბრუნებს, ის მეტრია, რომელსაც რუსეთი კარგავს.“

„ამასთანავე, არის აშკარა კონტრასტი: უკრაინელები საკუთარი ოჯახებისთვის, საკუთარი მომავლისთვის, საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან. მოსკოვი იმპერიული ბოდვებისთვის იბრძვის“, დაამატა სტოლტენბერგმა.

ასევე ნახეთ: ვაშინგტონი და კიევი იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ - ზელენსკი

ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა, რომ რუსული თავდასხმებისგან დასაცავად, უკრაინას მეტი ანტისაჰაერო დაცვის საშუალებები სჭირდება. მან თქვა, რომ მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში, მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ 40 „შაჰედ“ დრონი გამოიყენა.

„თითქმის ყოველ ღამით ასე ხდება. უკრაინელების, ჩვენი ქალაქების, პორტების - რომლებიც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია - წინააღმდეგ ასეთი ინტენსიური თავდასხმების პირობებში, რუსეთზე წნეხის შესაბამისი ზრდა და ჩვენი საჰაერო ფარის შესაბამისი ზრდა გვჭირდება“, თქვა ზელენსკიმ.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ „მუდმივ ზეწოლას ახდენს“ ნატოელ მოკავშირეებზე, რათა უკრაინას მეტი მხარდაჭერა გაუწიონ და [აღჭურვილობის] მიწოდება დააჩქარონ.

სტოლტენბერგმა გამოაცხადა, რომ ამჟამად ნატოს იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან აქვს საბრძოლო მასალის მიწოდებაზე 2.4 მილიარდი ევროს მოცულობის ზოგადი კონტრაქტების სტრუქტურა და ამაში შედის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სავალდებულო შეკვეთები.

მან თქვა, რომ ასეთი კონტრაქტები ნატოს წევრებს საშუალებას მისცემს გამოლეული მარაგები შეავსონ და იმავდროულად გააგრძელონ უკრაინის უზრუნველყოფა საბრძოლო მასალით, რაც ომში საკვანძო ფაქტორია.

სტოლტენბერგმა ასევე დაგმო ნატოს წევრ რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან, რუსული დარტყმები. მან თქვა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ასეთი დარტყმები რუმინეთზე განზრახ თავდასსხმა იყო და მას „დაუდევრობა“ და „დესტაბილიზაციის გამომწვევი“ უწოდა.