უკრაინული დრონით რუსეთში სავარაუდოდ კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. ამჯერად სამიზნე რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქი იყო, რომელშიც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ სადგურზე დაზიანება არ მომხდარა.
ადგილობრივი გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამბობს, რომ უკრაინულმა დრონმა ქალაქ კურჩატოვში შენობის ფასადი დააზიანა. და ეს კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით პარასკევს, გათენებისას მოხდა. ამავე გუბერნატორმა მანამდე თქვა, რომ იქ ორი დრონი მოქმედებდა.
სტაროვოიტი ამბობს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მას არც კურსკის სადგურისთვის რაიმე შესაძლო ზიანი ან რისკი უხსენებია.
ასევე ნახეთ: ჰოჯესი: უკრაინული კონტრშეტევის კრიტიკა სრულიად გაუმართლებელიარუსული მხარის ცნობით, პარასკევ დილით მოსკოვის სიახლოვეს კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ამის გამო მცირე შეფერხებები იყო. ადგილობრივი გუბერნატორი დრონის ჩამოგდებაზე საუბრობს ბელგოროდის რეგიონშიც.
პარალელურად, რუსეთის სარაკეტო იერიშს კვლავ მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაში. ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ხერსონში მომხდარი დაბომბვის შედეგად. სამი ადამიანი კი დაიჭრა შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტით განხორციელებული თავდასხმისას ქალაქ ვინიცაში. იქ სამიზნე ერთ-ერთი კერძო საწარმო გახდა.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა თქვა, რომ მათ შეძლეს მეორე რაკეტის ჩამოგდება, რომელიც გასული ღამის განმავლობაში რუსებმა უკრაინის მიმართულებით გაისროლეს. გუბერნატორის თქმით, ის კიროვოჰრადის რეგიონში ჩამოაგდეს. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გრძელდება კონტრიერიში მელიტოპოლის მიმართულებით.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი მიმართვისას, ტოლედოში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ კიევის კონტრიერიშის და მისი პროგრესის კრიტიკა გაუმართლებელია. კულებამ თქვა, რომ ეს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის "სახეში შეფურთხების" ტოლფასია, რადგან ისინი ყოველდღე წირავენ თავს იმისთვის, რომ წინ წავიდნენ და თითოეული კილომეტრი მიწა გაათავისუფლონ. მისი თქმით, კრიტიკოსები უნდა გააჩუმდნენ და თუ მათ სამხედრო ამოცანების სირთულეში ეჭვი ეპარებათ, ის მათ 1 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის "გასაწმენდად" იწვევს.