2021 წლის 2 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა ქვეყნის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას სამი უკრაინული ტელეარხის წინააღმდეგ 5-წლიანი სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით.
აკრძალული ტელეკომპანიები არიან: „112 უკრაინა“, „NewsOne“ და „ZIK“. ოფიციალურად, სამივეს ტარას კოზაკი, ქვეყნის პარლამენტის წევრი ფლობს. კოზაკი პრორუსული საპარლამენტო ფრაქციის, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, წევრია. უკრაინის მთავრობის თქმით, სამივე ტელეარხი ქვეყანაში კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი იყო.
კანონიერი გადაწყვეტილება თუ არასასურველი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა?
„სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა ტრადიციული გაგებით მედიაზე, არამედ პროპაგანდაზე, რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტზე“
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სინამდვილეში, სანქცირებული ტელევიზიები იმავე პრორუსული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ოლიგარქს და ვლადიმირ პუტინის მეგობარ, ვიქტორ მედვედჩუკს ეკუთვნის. მედვედჩუკი პუტინს "პირად მეგობარს" უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მედვედჩუკის ქალიშვილის ნათლიაა.
პარლამენტარი უარყოფს, რომ ამ ტელეარხებს თავად ფლობს. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ის უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულეს. 2014 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პუტინის უკრაინელ მეგობარს პერსონალური სანქციები დაუწესა. მაშინ მას უკრაინაში დემოკრატიის ხელყოფისათვის ასეთი სახით მოუწია პასუხისგება.
ასევე ნახეთ: უკრაინა „ტვიტერს“ კრემლის პროპაგანდის ხელშეწყობაში სდებს ბრალსქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული პროპაგანდისა და რუსული ნარატივის, დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად აკრძალეს. უკრაინაში რუსული არხების მაუწყებლობა 2017 წლიდანაა აკრძალული, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანა უკრაინულ ტელეარხს, უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებულ მედიასაშუალებას კრძალავს.
პრორუსულმა ოპოზიციამ ამ ნაბიჯს მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ადამიანის უფლებების დარღვევა უწოდა. იგივე კომენტარი ჰქონდა რუსეთსაც. დმიტრი პესკოვმა, პუტინის პრესმდივანმა თქვა, რომ ეუთომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე.
გაჩნდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით არის თუ არა კანონიერი უკრაინის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება და ტელევიზიების დახურვა.
ასევე ნახეთ: სტენგელი: რუსეთის მიზანი დემოკრატიისადმი რწმენის შესუსტებაადენის მალუსკა, უკრაინის იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ არაფერი უკანონო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაში არ ყოფილა. „სანქციები უკრაინის 60 მოქალაქესა და 260 უკრაინულ კომპანიაზე უკვე დაწესებულია. მთავარი განსხვავება ხილვადობაშია, ხალხი ვერ ამჩნევდა ინდივიდუალურ პირებზე დაწესებულ სანქციებს. ახლა კი სამი ტელევიზია გაქრა და ეს დაინახეს“, ამბობს მალუსკა.
„[უკრაინაში]საჭიროა კარგი მარეგულირებელი, რომელსაც არ შეეშინდება სიმართლის თქმის“
მალუსკა განმარტავს, რომ უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, 4 სხვადასხვა გზა არსებობს სანქციების დასაწესებლად. მათ შორის ერთი ტერორიზმია. სწორედ ამ გზით არჩია უკრაინის ხელისუფლებამ წასვლა ტელევიზიების შემთხვევაში.
პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ, ისე ევროკავშირმა.
„აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის დასაცავად და რუსეთის მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების წუხანდელი ძალისხმევა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა არავის მიეცეს მედიის დეზინფორმაციის იარაღად გამოყენების შესაძლებლობა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ საინფორმაციო ომში“, -ნათქამი იყო განცხადებაში, რომელიც ამერიკამ, უკრაინაში, პრორუსული არხების აკრძალვის შემდეგ გამოაქვეყნა.
ასევე ნახეთ: გაეროს რეზოლუცია რუსეთს ყირიმის ანექსიის დასრულებისკენ მოუწოდებს“კანადა აღიარებს, რომ ამ ჰიბრიდულ ომში, გამწვევები, რომელთა წინაშეც უკრაინა დგას, მას თავსმოახვიეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მიერ სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად იურიდიული მექანიზმების გამოყენებას პრესის თავისუფლების შენარჩუნების კვალდაკვალ”, – ნათქვამი იყო უკრაინაში, კანადის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელჩი ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“, ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება „სწორი“ და „გაბედული“ იყო. მართალია ამერიკა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ყველაზე გულმხურვალე დამცველია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტელეკომპანიები კრემლის დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ამბობს ჰერბსტი. ელჩის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინა რუსეთთან ომშია ჩაბმული და ასეთი პროპაგანდის გამავრცელებელი არხების აკრძალვა მნიშვნელოვანია.
ჰერბსტის აზრს იზიარებს ლესია ვასილენკოც, უკრაინის რადას წევრი და პარტია „ჰოლოსის“ წარმომადგენელი.
„სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა ტრადიციული გაგებთ მედიაზე, არამედ პროპაგანდაზე, რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტზე“, - ამბობს ის.
ასევე ნახეთ: "ტვიტერი" დეზინფორმაციასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადისთუმცა, ამ ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, პიტერ პომერანცევი, მხოლოდ პრორუსულ ნარატივს არ ხედავს. პომერანცევი, მკვლევარი, ჟურნალისტი და რამდენიმე წიგნის ავტორია რუსეთსა და რუსეთის დეზინფორმაციაზე. პომერანცევი უკრაინის მედია სფეროს აქტიურად აკვირდება. ის ამბობს, რომ არხები არამხოლოდ პრორუსულ ნარატივს ავრცელებდნენ, არამედ ჰქონდათ ახალი, „საკმაოდ საშიში“ მიმართულება. ეს არხები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ამერიკა უკრაინაში ბიო ლაბორატორიებს აშენებს და ექსპერიმენტებს ატარებს უკრაინელებზე, რომ „სოროსის შვილები“ მართავენ უკრაინულ პოლიტიკას, რომ ამერიკა ცდილობს უკრაინული მიწების მიტაცებას და სხვა. თუმცა, პომერანცევის თქმით, ეს ნარატივი არამხოლოდ ამ სამი აკრძალული არხისგან, არამედ სხვა უკრაინელი ოლიგარქების კუთვნილი ტელევიზიებიდანაც ვრცელდება.
რატომ ახლა და აქვს თუ არა ამ აკძალვებს აზრი?
არგუმენტი, რომ უკრაინა რუსეთთან ომშია და ამიტომ პროპაგანდისტულ არხებს კრძალავს, ერთის მხრივ ამართლებს ზელენსკის გადაწყვეტილებას, თუმცა, მეორეს მხრივ, შეკითხვას აჩენს, რატომ ახლა? ომი უკრაინასა და რუსეთს შორის 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება. ტელეევიზიების აკრძალვის გადაწვეტილება კი 2021 წელს იქნა მიღებული, მაშინ როცა ისინი 2013 წლიდან მაუწყებლობენ.
2018 წელს, პრეზიდენტ იუშენკოს ადმინისტრაციამ მოამზადა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პრორუსული უკრაინული არხების შეზღუდვა უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ადმინისტრაცია არჩევნებში დამარცხდა და წინასაარჩევნოდ დაწყებული საქმის დასრულება ვერ მოახერხა. გარდა ამისა, „გამოძიებას და საქმის შესწავლას დრო სჭირდება“,- ამბობს უკრაინის რადას წევრი ლესია ვასილენკო.
ასევე ნახეთ: "ღირსების რევოლუცია": უკრაინის ბრძოლა საბჭოთა აჩრდილებთანვასილენკო თვლის, რომ არსებობს ორი მიზეზი, რატომაც შეიძლება ტელევიზიების აკრძალვის გადაწყვეტილება ახლა მიეღოთ. პირველი დროა, რომელიც გამოძიებას, გადაწყვეტილების მიღებას, სამხილებისა და საბუთების შეგროვებას სჭირდება. ამიტომაც, ეს არა 2018 წელს, არამედ წლების შემდეგ მოხდა.
პოლიტიკოსი თვლის, რომ თუ დიდი ალბათობით,პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მართლაც, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით მიიღო.
რადას წევრი, არც იმას გამორიცხავს, რომ ზელენსკის ტელევიზიები თავისი რეიტინგების გაზრდისა და პრორუსული პარტიის რეიტინგების შემცირებისთვის გაეკეთებინა. მთავარი საკომუნიკაციო საშუალებების დახურვით, ზელენსკი მათ სასუნთქ ჰაერს უკეტავს.
ზელენსკის ბრძანების შემდეგ, პრორუსულმა ოპოზიციამ უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ვასილენკო თვლის, რომ თუ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, მაშინ ამ საქმეს კვლავ ხელისუფლება მოიგებს. თუმცა, თუ ეს მხოლოდ რეიტინგების გამო გაკეთდა, მაშინ პოლიტიკოსი ამაში დიდ საფრთხეს ხედავს.
ასევე ნახეთ: კიევი საერთაშორისო საზოგადოების თანადგომას ითხოვს„ეს ძალიან საშიში იქნება, როგორც პრეზიდენტის, ისე ქვეყნისთვის. ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის ოპოზიციური პარტიის პოპულარობას, რომელიც ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც პოლიტიკური ზეწოლისა და რეპრესიების მსხვერპლად გამოჩნდება. ტელევიზიებიც უკან დაბრუნდებიან და უფრო პოპულარულები გახდებიან“,- ამბობს ლესია ვასილენკო.
მედიასაშუალებებს „112 უკრაინა“, „NewsOne“ და „ZIK“, მხოლოდ სატელევიზიო მაუწყებლობაზე წვდომა აეკრძალათ. ლიცენზია მათ ისევ დარჩათ, ასევე მაუწყებლობენ „იუთუბზე“. ამიტომაც, გაჩნდა შეკითხვა, არის თუ არა ეფექტური ასეთი ზომების მიღება.
მინისტრი მალუსკა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე ეფექტურია. მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც მხოლოდ ტელევიზიით იღებენ ინფორმაციას, ვინც ამ სამი არხის მაყურებელი იყო, ძირითადად, ხანშიშესული ადამიანები არიან, ვინც დამატებითი ინფორმაციისთვის ინტერნეტში ძიებას არ დაიწყებენ. თუმცა, ის თვლის, რომ „იუთუბ“ არხების აკრძალვაც მნიშვნელოვანია და უკრაინის ხელისუფლება ამ მიმართულებითაც მუშაობს. „მოთხოვნა უკვე გავაგზავნეთ, მაგრამ ამას პირველად ვაკეთებთ და რეალურად რა გამოვა ჯერ არ ვიცით“,- ამბობს მინისტრი.
ასევე ნახეთ: ბაიდენი და უკრაინა - მოლოდინები„NewsOne“-ის გამომწერთა რიცხვი, „იუთუბზე“ 635 000 ადამიანია. „ZIK“ 518 000 ადამიანს აქვს გამოწერილი, ხოლო ტელეკომპანია „112 უკრაინისგან“ მიღებული ინფორმაცია 899 000 სურს. ეს რიცხვები ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 44 მილიონს აჭარბებს, მცირეა.
პომერანცევი ამბობს, რომ, აკრძალულ სამ ტელეკომპანიას უკრაინული მედიის მაყურებლების სულ 4-6% უყურებდა. ახლა კი ამ ტელეკომპანიების მაყურებლები, უბრალოდ, სხვადასხვა ტელეარხების ყურებას გაგრძელებენ. არც ის თვლის, რომ უკრაინის მოსახლეობის ეს 6% „იუთუბზე“, ან ნებისმიერ სხვა ონლაინ პლატფორმაზე დაიწყებს მსგავსი, პრორუსული შინაარსის ახალი ამბების ძებნას.
პრობლემას პომერანცევი უკრაინული მედიისადმი ძალიან დაბალ ნდობაში ხედავს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ტელევიზიების უმრავლესობა პოლიტიკურად ანგაჟირებული ოლიგარქების ხელშია. ამას ხალხი ხედავს და მათთდამი ნდობასაც კარგავს. „[უკრაინაში]საჭიროა კარგი მარეგულირებელი, რომელსაც არ შეეშინდება სიმართლის თქმის“,- ამბობს პომერანცევი.
ზელენსკის გადაწყვეტილება, დასავლეთმა ძალიან დადებითად მიიღო. პრეზიდენტს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში გადადგმული ეს ნაბიჯი მოუწონეს. თუმცა, შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ სად გადის ზღვარი ცენზურასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში მაინც რჩება.
ტელევიზიების საქმე ჯერ არ დახურულა. უკრაინის უზენაესი სასამართლო მას უახლოეს მომავალში განიხილავს. უკრაინის ომი კი რუსეთის ჰიბრიდული და ფიზიკური აგრესიის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ძალიან შორსაა დასრულებისგან.