უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კიევი შეეცდება, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღონ რეზოლუცია, რომელიც თავის თავში მოიცავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიან მშვიდობის ფორმულას.
"უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ნომერ პირველი პრიოტიტეტი თებერვალში რეზოლუციის მშვიდობის ფორმულისთვის მიძღვნა იქნება",- უთხრა ემინე ჯაფაროვამ ჟურნალისტებს გაეროში ყოფნის დროს, სადაც ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომას დაესწრო.
თებერვალი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი თვეა. 24 თებერვალს, ზუსტად ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყეს მეზობელ ქვეყანასთან.
ნოემბერში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10-პუნქტიანი მშვიდობის გეგმა წარადგინა, რომელიც მისი, აზრით, ომის დასრულებას ხელს შეუწყობს.
ასევე ნახეთ: ბროუდერი: პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩესგეგმა მოიცავს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან და საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ასევე ბირთვული უსაფრთხოების გარანტირებას, სურსათისა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სამხედრო ტყვეებისა და დეპორტირებული პირების გათავისუფლებას.
„[გაეროს] ელჩი [სერგი] კისლიცა ახლა გააგრძელებს ამ რეზოლუციის განხილვისთვის მუშაობას, რადგან ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ სპეციალური სესიის ჩატარება ამ რეზოლუციის მისაღებად“, - თქვა ჯაფაროვამ.
ჯაფაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობის ფორმულა შეიძლება იყოს დისკუსიის საფუძველი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კიევი მზადაა ხელი მოაწეროს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.
თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ კრემლის ოფიციალური პირები უარს იტყვიან ზელენსკის "მშვიდობის ფორმულის" გამოყენებაზე მოლაპარაკებების საფუძვლად. მან კიევის ამ შეთავაზებას რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინიდან და ყირიმიდან განდევნის "ილუზია" უწოდა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს.