ახალი დახმარება უკრაინას და მოსალოდნელი იერიში

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს, უკრაინისთვის 7,3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტერემ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დახმარება ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში იქნება გაცემული და რომ მის მთავრობას სურს დამატებითი დახმარება გაუწიოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებსაც.

„ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ ნორვეგიამ სავალდებულო და გრძელვადიანი დახმარება გაუწიოს უკრაინას“, - თქვა მან. დახმარების პაკეტი ნორვეგიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ასევე ნახეთ: უკრაინის თავდაცვის ლიდერის საკითხზე გაურკვევლობაა, მაშინ როცა რუსეთი აშკარად მსხვილი იერიშისთვის ემზადება

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ევროკავშირში მოელიან, რომ იქ ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავა და გაერთიანებას სიტყვით მიმართავს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თითქმის ერთი წლის წინ, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, ზელენსკი ქვეყნის გარეთ მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა.

ევროკავშირის ლიდერები კიევში გასულ კვირას იმყოფებოდნენ, ზელენსკისთან შესახვედრად, რათა განეხილათ ევროკავშირის პასუხი რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში, ისევე როგორც უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

რუსული განახლებული შეტევა

უკრაინამ კვირას განაცხადა, რომ ემზადება ამ თვეში რუსეთის დიდი შეტევისთვის, რომელიც შესაძლო0ა დაემთხვეს, 24 თებერვლის წლისთავს, მაგრამ კიევის თქმით მას აქვს რეზერვები მოსკოვის ძალების შესაჩერებლად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა ახალი შეტევა, „სიმბოლური“ მიზეზების გამო განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ძალები სამხედრო თვალსაზრისით ამისთვის მზად არ არიან.

”მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ველოდებით რუსეთის შესაძლო ახალ შეტევას თებერვალში,” - თქვა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვმა თქვა, რომ რუსეთის შეტევა მოსალოდნელია ქვეყნის აღმოსავლეთში ან სამხრეთში. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს 12000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული ბელარუსის სამხედრო ბაზებზე და ეს რიცხვი მცირეა იმისთვის, რომ მოსკოვმა მნიშვნელოვანი თავდასხმა განახორციელოს უკრაინის ჩრდილოეთში.

რუსული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთში ცდილობენ უკრაინის თავდაცვის გარღვევას. ბრძოლები გრძელდება ბახმუტის გარშემო.

მიიღებს თუ არა უკრაინა F-16-ებს? მიიღებს თუ არა უკრაინა F-16-ებს?

შეერთებული შტატები და სხვა დასავლეთის მთავრობები უკრაინას პირდებიან მილიარდობით დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას, მათ შორის ტანკებსა და ქვეით საბრძოლო მანქანებს, რათა დაეხმარონ უკრაინას ახალი თავდასხმის მოგერიებაში და შესაძლო კონტრშეტევაში.

”ყველა დასავლური შეიარაღება დროულად არ მოვა,” - თქვა რეზნიკოვმა, ”მაგრამ ჩვენ მზად ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი რესურსები და რეზერვები, რომელთა განლაგებაც შეგვიძლია და რომლითაც შეგვიძლია შევაკავოთ თავდასხმა.”