უკრაინა და ვენესუელა ორმხრივ თანამშრომლობას ავითარებენ

უკრაინა და ვენესუელა ორმხრივ თანამშრომლობას ავითარებენ

უკრაინა ვენესუელასთან ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებისთვის მზად არის. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევში ვენესუელას პრეზიდენტთან უგო ჩავესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„დღეს განხილულ საკიხთა სია ფართო სპექტრს მოიცავდა, ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობით დაწყებული და ეკონომიკური პრობლემებით დამთავრებული. ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის სტრუქტურა შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები, რომელთა პოტენციალი პრაქტიკულად დრემდე გამოუყენებლი რჩება,“ აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ორშაბათს გავრცელებულ ცნობაში.

თავის მხრივ ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ მეგობრად დაასახელა და უკრაინელებს „ბოლივარის სამშობლოდან და ვენესუელელი ხალხისგან გულწრფელი მილოცვები“ შეუთვალა.

როგორც უკრაინის საინფორმაციო სააგენტო უნიანი იუწყება, პრეზიდენტმა უგო ჩავესმა „უკრაინასთან ერთად ახალი საერთო გზის გაკვალვისა და ახალი ჰორიზონტების გახნის“ სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა. რუსეთისა და ბელორუსის შემდეგ, უკრაინა გახდა რიგით მესამე ქვეყანა, რომელიც ვენესუელას ლიდერმა საერთაშორისო ტურის განმავლობაში მოინახულა.

„პრეზიდენტ უგო ჩავესთან ერთად ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინა ვენესუელას ტერიტორიაზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებას დაიწყებს. ეს საკითხთი ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში პრიორიტეტული იქნება,“ განაცხადა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

უკრაინის ლიდერს აგრეთვე მიაჩნია, რომ რუსეთი ვენესუელადან ბელარუსში ნავთობის მიწოდებას ხელს არ შეუშლის. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის გადაჭრა ბელარუსისთვის რუსეთის ინტერესებს არანაირად არ ეწინააღმდეგება და უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებს არ ეხება,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

იმავდროულად უკრაინელი ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ ოფიციალური კიევი კარაკასს უახლოვდება რადგან ცხადია, რომ ეს უკრაინის ევროინტეგრაციასა და ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ეწინააღმდეგება. როგორც ცნობილია, თავის გამოსვლებში უგო ჩავესი ხშირად ანტი-ამერიკულ რიტორიკას იყენებს და ევროპის თანამეგობრობაში სხვადასხვა დემოკრატიულ ინიციატივებს გამუდმებით აკრიტიკებს.

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ამჟამად უკრაინის სახალხო დეპუტატის ბორის ტარასიუკის აზრით, კიევში პრეზიდენტ უგო ჩავესის ჩასვლა უკრაინის მთავრობის მიმართ ვაშინგტონისა და ბრიუსელის დამოკიდებულებაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედებს. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უგო ჩავესს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში არც მიიღებენ, ჩავესი მეგობრულ ურთიერთობებს ძირითადად არადემოკრატიულ ქვეყნებთან, ბელარუსთან და რუსეთთან, ინარჩუნებს, რაც იმის დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ ჩვენი პრეზიდენტი მზად არის იმეგობრობს ისეთ ადამიანთან, რომელიც ავტორიტარულ ლიდერად ითვლება,“ აღნიშნა ბორის ტარასიუკმა მისი პარტიის უკრაინის ეროვნული რუხის პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარკვეული უკრაინელი პოლიტიკოსების ამგვარ კრიტიკულ შენიშვნებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკვირვება გამოთქვეს. საინფორმაციო სააგენტო უნიანის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის ოლეგ ვოლოშინის განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი საერთაშორისო ასპარეზზე უცხოელი პარტნიორებისთვის გასაგებ და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ახორციელებს, რომელიც მარტივ პრინციპს ეფუძნება: უკრაინა თანამშრომლობს ყველა იმ სახელმწიფოსთან, სადაც რეალური უკრაინული ინტერესები არსებობს.“

ამერიკის ხმის რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში დამოუკიდებელმა უკრაინელმა მიმომხილველმა ალიონა ვიტერმა აღნიშნა, რომ ვენესუელასთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება უდავოდ აისახება უკრაინა-რუსეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე. ამასთან დაკავშირებით ვიტერმა დასძინა:

„ბელარუსში და პოტენციურად უკრაინაში ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას შეამცირებს.“