პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ლიდერებს მოუწოდებს, რომ ივლისში დაგეგმილი ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ქვეყანამ "პოლიტიკური მიწვევა" მიიღოს.
ზელენსკი ასევე ხაზს უსვამს იმ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც უკრაინამ უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი ის ახლო მომავალში ალიანსის წევრი ვერ გახდება.
"ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკური მიწვევა მიიღოს", - დაწერა მან "ტელეგრამზე". მისივე თქმით, არსებობს "უკრაინის გაწევრიანების მომენტამდე მისთვის უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე სრული გაგება". თუმცა მეტი განმარტება არ გაუკეთებია.
კიევი ბოლო კვირებში აქტიურად მოუწოდებს ალიანსის ლიდერებს, რომ მისი წევრობის თაობაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების გარანტიების კუთხით.
ასევე ნახეთ: "ვაგნერის" ამბოხი მოსკოვის "დიდ სტრატეგიულ შეცდომაზე" მიუთითებს - სტოლტენბერგითავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გასულ კვირას ამბობდა, რომ აქვს მოლოდინი, რომ კიევი წევრობის თაობაზე "ნათელ სიგნალს და ფორმულას" მიიღებს. საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კი ამბობს, რომ სამიტზე "არსებითი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები" იქნება მიღებული.
ანდრიი ერმაკმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გასულ კვირას თქვა, რომ თუკი ალიანსი სამიტზე "მტკიცე" გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ეს უკრაინელების დემორალიზებას გამოიწვევს. მისივე თქმით, კიევმა აჩვენა, რომ ის ფრონტზე ბრძოლის გაგრძელებისთვის მზადაა.
ზელენსკი ამბობს, რომ ესმის, რუსეთის ომის პირობებში ქვეყნის ნატოში გაწევრიანება შეუძლებელი იქნება, მაგრამ ის მტკიცე პოლიტიკური ნაბიჯების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ალიანსის წევრებს კი განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზა.