სააგენტო „როიტერის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ ორშაბათს, უკრაინის სამხრეთის ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში, რუსულმა ჯარმა ანტისაოკუპაციო პროტესტი გამაყრუებელი ყუმბარებით და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით დაშალა.
რუსეთს ამ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვი სამოქალაქო მოსახლეობის მიზანში ამოღებას უარყოფს.
ვიდეოში ჩანს როგორ გარბის რამდენიმე ასეული დემონსტრანტი ხერსონის თავისუფლების მოედნიდან, რათა სროლას გადაურჩეს. ისმის ხმამაღალი აფეთქებების, სროლის ხმა და ჩანს თეთრი კვამლი.
ასევე ნახეთ: „საშინელ უდაბნოდ“ ქცეული მარიუპოლიამ დრომდე გავრცელებულ ინფორმაციით, დაიჭრა სულ ცოტა ერთი ადამიანი. თუმცა დეტალები უცნობია.
„როიტერმა“ დამოუკიდებლად ვერ შეძლო დაედგინა, თუ რა ტიპის იარაღიდან ისროდა რუსული ჯარი.
ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი, სროლის მიუხედვად მოედანზე დაბრუნდა. ერთი მამაკაცი მოედანზე, რუსი ჯარისკაცების პირისპირ, ქუჩის მეორე მხარეს დადგა და უკრაინის პატარა დროშა აღმართა.
ქალაქი ხერსონი, რეგიონული დედაქალაქი 250 ათასიანი მოსახლეობით, პირველი დიდი ურბანული ცენტრია, რომელიც რუსული ჯარის ხელში ჩავარდა.
მას შემდეგ, მოქალაქეთა ჯგუფები ხერსონის ცენტრში მუდმივად აპროტესტებენ ოკუპაციას და კიევის მთავრობის მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინის დროშებს აფრიალებენ.
მიმდინარე თვის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ ხერსონის რეგიონში 400 ადამიანი ოკუპაციის გაპროტესტებისთვის დააკავა. უკრაინა რუსეთს ბრალს სდებს, რომ მას იქ პოლიციური სახელმწიფოს შექმნა სურს.