ორშაბათს უკრაინის აღდგენის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 ოქტომბერს, უკრაინის პორტ პივდენიში, რუსული რაკეტის დარტყმამ სენტ კიტს და ნევისის დროშის ქვეშ მყოფი ხომალდი დააზიანა. ხომალდი სიმინდით იყო დატვირთული.
სამინისტრომ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, რომ ეკიპაჟის 15 წევრიდან არავინ დაშავებულა.
„საბედნიეროდ, ეგვიპტის და სირიის მოქალაქეებისგან შემდგარი ეკიპაჟის 15 წევრიდან, არავინ დაშავებულა. მთლიანობაში, ხომალდი 6 000 ტონა უკრაინული სიმინდით იყო დატვირთული. ეს სრულად სამოქალაქო ტვირთია“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს მე-20 სამოქალაქო ხომალდი იყო, რომელიც რუსულმა თავდასხმებმა დააზიანა.
ასევე ნახეთ: რუსეთის მორიგი იერიში ოდესაზე - 100 ტონაზე მეტი მარცვლეული განადგურდასამინისტრო ციტირებს პრემიერ-მინისტრის მოადგილე ოლექსი კულებას: „ეს არაფერია გარდა რუსეთის მცდელობისა, გავლენა მოახდინოს უკრაინული წარმატებული სასურსათო საზღვაო დერეფნის მუშაობაზე და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას დაემუქროს“.
მოსკოვმა არაერთხელ უარყო, რომ ის თავს სამოქალაქო სამიზნეებს ესხმის.
სექტემბრის დასაწყისში, სენტ კიტს და ნევისის დროშის ქვეშ მყოფ სატვირთო ხომალდ „აიას“ შავ ზღვაში რუსულმა რაკეტამ დაარტყა. მოგვიანებით, იმავე თვეში, რუსულმა რაკეტამ ანტიგუას დროშის ქვეშ მყოფი სხვა ხომალდი უკრაინის პორტ ოდესაში დააზიანა.
2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა პორტს არაერთხელ დაარტყა.