უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის კავშირს მოუწოდა, ნება დართოს კიევს, რომ ის ბლოკში გაწევრიანების გზას დაადგეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ტერიტორიული ამბიციები მხოლოდ უკრაინაზე არ ვრცელდება და გაცილებით დიდ სივრცეს მოიცავს, ვარშავიდან სოფიამდე.
ზელენსკიმ დღეს ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატაში ვიდეომიმართვა გააკეთა. 24 თებერვალს უკრაინასთან დაწყებული ომის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხ კანონმდებლებს რუსეთზე სანქციების გაზრდისკენაც მოუწოდა.
"რუსეთს მხოლოდ მარიუპოლი, სევეროდონეცკი, ხარკივი და კიევი არ აინტერესებს. არა, მისი ამბიციები ვრცელი ტერიტორიისკენაა მიმართული, ვარშავიდან სოფიამდე" - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "წარსულის მსგავსად, რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირველი ნაბიჯია, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას ესაჭიროება სხვა ქვეყნებში გზის გასაკვეთად, რათა მან სხვა ხალხებიც დაიპყროს".
ევროპის კავშირმა რუსეთს სანქციების 6 რაუნდი დაუწესა. კიევი მოსკოვზე წნეხის გაზრდის მიზნით, რათა მან უკრაინაში ომი დაასრულოს, ახლა სანქციების მე-7 რაუნდს ითხოვს.
ასევე ნახეთ: „რუსეთის მიზანია უკრაინის სრული განადგურება,“ - უკრაინის თავდაცვის სამინისტროგადაწყვეტილებას, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე, მომავალი კვირის ბოლოს ელიან, რასაც ბლოკში გაწევრიანების ხანგრძლივი პროცესი მოსდევს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "კანდიდატის სტატუსის ბოძება ახლა იმის დასამტკიცებლადაა საჭირო, რომ ევროპის გაერთიანების პროცესი რეალურია, რომ ევროპული ფასეულობები ნამდვილად მუშაობს, და მხოლოდ გარკვეულ დოკუმენტებში არ არის მითითებული".
მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩეხმა ხალხმა ჯერ ნაციცისტური გერმანიის ოკუპაცია გამოსცადა, ომის შემდეგ კი საბჭოთა დომინაციის ათწლეულები გამოიარა. მათ კარგად იციან, თუ როგორ მთავრდება კომპრომისი და ტირანიის მიმართ დათმობებზე წასვლა, ამბობს ზელენსკი. "ადამიანი, რომელსაც ყველაფრის დაპყრობა სურს, არასდროს დაკმაყოფილდება სასურველის მხოლოდ მცირე ნაწილით" - აღნიშნავს ის.
ჯერჯერობით რუსეთს ზელენსკის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვი უკრაინასთან დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანი კიევის ე.წ. ნაციონალისტი ლიდერებისგან გათავისუფლება, მისი "დენაციფიკაციაა".