საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისია გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში, 17 ივნისს გამოაცხადებს. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა.
"პრესაში ვნახე, რომ თითქოს კომისიამ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო – ეს მცდარი ინფორმაციაა. გუშინ კომისიას არაფერი გადაუწყვეტია. შედგა საორიენტაციო დებატები, რითაც კოლეგიის წევრებს ამ საკითხის შესახებ საკუთარი ხედვისა და მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცათ, რათა მომზადდეს გადაწყვეტილება, რომელიც პარასკევს გამოცხადდება. კოლეგია ამ დებატებისთვის ემზადება, შესაბამისი სამსახურები კი, დოკუმენტების შედგენას ასრულებენ. ხუთშაბათს კაბინეტების დირექტორთა შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა კოლეგიის დღის წესრიგში ყველაფერი რიგზე პარასკევისთვის, მათ შორის, კერძოდ, ზემოხსენებული პუნქტი. პარასკევს კი, კოლეგია გამართავს დებატებს და გამოცხადდება დასკვნა. ეს სტანდარტული პროცედურაა, რომელიც მანამდეც გვქონდა" - განაცხადა ერიკ მამერმა.
ევროკომისიის სამომავლო გადაწყვეტილებას, წინ უსწრებდა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რაც საქართველოში ხელისუფლების შტოებსა და ასევე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განცხადება გააკეთა და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკა.
"ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიისპირეთის ქვეყანა იყო ჩვენი ტრადიციული მოკავშირე ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა - „დღეს ერთგვარად ვიმუქრებით, სტატუსი თუ არ მოგვცეს, ფარდას ავხდითო. არ ვიცი როგორ ავხდით, ფარდა რომ ჩვენზე უკვე ახდილია, ეგ უნდა გვადარდებდეს მგონი...“.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არაფერს „მათხოვრობს“ და ევროკავშირისგან დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას ელის. თუ ბრიუსელის გადაწყვეტილება „უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება“, ყველაფერს „ფარდას ავხდით“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ, დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ შენიშვნებთან ერთად, ევროკავშირს მიმართავს განიხილოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კრიტიკის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რეზოლუცია უსამართლოა.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია დამტკიცდა, რომელიც იყო არა მარტო უსამართლო, არამედ მე მგონია, რომ პირდაპირ დაუპირისპირდა ეს რეზოლუცია ქართველი ხალხის ღირსებას, რადგან როდესაც შენ განიხილავ ერთ სიბრტყეში სააკაშვილს, გვარამიას, კეზერაშვილს და მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის პირდაპირი შეხება ხალხის ღირსებაზე“, განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.
დღესვე, კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა და თქვა, რომ პრეზიდენტმა „სუსტი ანალიზი“ წარმოადგინა.
„სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი. ანალიზის სისუსტე შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი, ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კულისებში წარიმართება, წარიმართებოდა ასევე შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ომის დაწყების შემდეგ და ა.შ. თუმცა, ამ ინფორმაციას ის არ იღებდა. გვქონდა შეხვედრები, მაგრამ არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა“, - განაცხადა კობახიძემ.