უკრაინა ამბობს, რომ რუსეთის დრონებისგან ერთ-ერთი უდიდესი თავდასხმა მოიგერია

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, შორი რადიუსის დრონებით განხორციელებული თავდასხმა მოიგერიეს. საჰაერო ძალებმა კიევში, დედაქალაქის მიმდებარე რეგიონსა და სხვა რაიონებში გაშვებული 89 დრონი ჩამოაგდო.

თავდასხმის სამიზნე კიევი და მიმდებარე რეგიონები იყო, სადაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 40-ზე მეტი დრონის ჩამოგდება შეძლო. საჰაერო სირენები ისმოდა მთელი ღამის განმავლობაში.

„ეს არის შაჰიდ-131/136 დამრტყმელი დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი თავდასხმა“, - აცხადებს საჰაერო ძალები.

ასევე ნახეთ: ოდესაზე რუსეთის იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა

სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა სატელევიზიო განცხადებებში თქვა, რომ რუსეთმა გამოიყენა "მნიშვნელოვანი" რაოდენობის მზვერავი დრონები, რომლებიც არ იყო დატვირთული ასაფეთქებელი ნივთიერებებით.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ თქვა, რომ ეს ივლისში ქალაქზე დრონებით მეშვიდე თავდასხმა იყო.

არცერთ სამოქალაქო ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე პირდაპირი დარტყმა არ მომხდარა, მაგრამ ხელისუფლების განცხადებით, ნამსხვრევებმა რეგიონში 13 კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავები, ფანჯრები და ფასადები დააზიანა.