ზელენსკი უკრაინელ მებრძოლებს „სუპერგმირებს“ უწოდებს

პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელი მებრძოლები „სუპერგმირები“ არიან. უკრაინის პრეზიდენტი მათ მას შემდეგ ესაუბრა, რაც მოლაპარაკების შემდეგ უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გათავისუფლებულია 250-მდე უკრაინელი, მათ შორის არიან მარიუპოლის მცველებიც.

„5 სუპერგმირი გაცვალეს 55 ადამიანზე, რომელიც არც თანაგრძნობას და არც სიბრალულს არ იმსახურებს“ - თქვა ვოლოდომირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მათი ქვეყნის გამარჯვებაა.

ტყვეთა გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის საუდის არაბეთის შუამავლობით შედგა, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა 215 უკრაინელი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი უკრაინამ 55 რუსი და რუსეთის მხარდამჭერი კრემლს გადასცა.

ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინასთან სამხედრო ტყვეების გაცვლას ადასტურებს, მედვედჩუკზე კი არ საუბრობს

გათავისუფლებულთა შორის 5 უფროსი მეთაურია, მათ შორის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკი და მისი მოადგილე, სვატოსლავ პალამარი, ორივე აზოვის ბატალიონიდანაა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ მარიუპოლის დაცვის ოპერაციებს. გათავისუფლებულია სერხი ვოლონსკი, 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური, რომელმაც აპრილში გაავრცელა ვიდეო ბუნკერიდან და მსოფლიოს მიმართავდა. „ეს არის ჩვენი მიმართვა მსოფლიოსადმი. შეიძლება ეს იყოს ჩვენი უკანასკნელი მიმართვა. შეიძლება სულ რამდენიმე დღე ან საათი დაგვრჩა“ - ამბობდა ის ვიდეოში.

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა უცხოეთის 10 მოქალაქე, მოლაპარაკებები საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანის შუამავლობით წარიმართა. სალმანის მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.