მოსთხოვს თუ არა უკრაინა რუსეთს რეპარაციებს?

ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ უკრაინას ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება შეუძლია და ქვეყანამ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს.

ატლანტიკური საბჭოს უფროს მკვლევარ ალან რაილის მიაჩნია, რომ "პანამის დოკუმენტების" სკანდალის შემდეგ, უკრაინის მთავრობას უკეთესი წარმოდგენა უნდა შეექმნას იმაზე, თუ რა აქტივები აქვს იანუკოვიჩს და მასთან დაახლოებულ წრეს და როგორ შეიძლება უკარინელი ხალხისთვის მიყენებული ზარალის ამ აქტივების გამოყენებით ანაზღაურება.

სამწუხაროდ აღმოვაჩინე, რომ „დედა რუსეთს“ ბევრ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე თავი აქვს შეკავებული, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას.
რუთ ვეჯვუდი

„როდესაც ვსაუბრობთ დანაკარგებზე, სინამდვილეში ორი ძირითადი მიმართულება იგულისხმება. ეს ყოფილი რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალია - იანუკოვიჩის წრის მიერ უკრაინელი ხალხისა და მთავრობისგან მოპარული ფული,“ ამბობს რაილი.

მისი თქმით, ფულის მოპარვა ორი გზით ხდებოდა: „ერთი იყო სახელმწიფო შესყიდვების პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი იყო წელიწადში და მეორე დამატებითი, ღირებულების გადასახადი, რომელსაც ზოგიერთ კომპანიას სახელმწიფო უკან უბრუნებდა. უკიდურესად კონსერვატიული გათვლებით, იანუკოვიჩის მმართველობის განმავლობაში უკრაინას დაახლოებით 30 მილიადრი დოლარის ოდენობის ზარალი მხოლოდ ამ ორი მიმართულებიდან მიადგა,“ აცხადებს ექსპერტი.

რაილი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობაზეა დამოკუდებული ის, თუ რამდენად აქტიურად მიჰყვება ამ საქმეს ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ის აქვე დასძენს, რომ უკრაინას ზარალი რუსეთმაც მიაყენა და კიევს შეუძლია რუსეთს რეპარაციები მოსთხოვოს. თუმცა, ექსპერტს მიაჩნია, რომ გაცილებით რთულია იმ დანაკარგის გათვლა, რაც უკრაინას ყირიმის ანექსიით და სამხედრო აგრესიით მიადგა.

„ეს ძალიან დიდი თანხაა. მხოლოდ ის რომ ავიღოთ, რომ უკრაინაში დღეს ერთ მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც დღეს სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობენ - მათ დაკარგეს სამსახურები, ბიზნესები, სახლები... ეს ძალიან დიდი თანხაა,“ აცხადებს რაილი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის პროფესორი რუთ ვეჯვუდი ამბობს, რომ რუსეთისგან რაიმე სახის რეპარაციის მოთხოვნა ძალიან გაჭირდება. ის ამბობს, რომ ამისთვის პროკურატურამ საგულდაგულო გამოძიება უნდა ჩაატაროს და სამხილების დიდი რაოდენობა მოაგროვოს, რომლებიც გამოძიების დაწყებამდე შეიძლება განადგურდეს კიდეც.

„ამ თემის მოძიება მას შემდეგ დავიწყე, რაც უკრაინაში თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ „დედა რუსეთს“ ბევრ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე თავი აქვს შეკავებული, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის ამ მიმართულებით შეტანას. ხშირად კანონის ფასადი უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მისი რეალური ძალა. ჯერ საბჭოთა კავშირმა და შემდეგ რუსეთმა, იზრუნა იმაზე, რომ ზოგიერთი ეს კანონი რუსეთის წინააღმდეგ უძლური იყოს," აცხადებს ვეჯვუდი.

მისივე თქმით, ძალიან რთული იქნება რუსეთის წინააღმდეგ რეპარაციების მოსათხოვნად საჭირო გამოძიების ჩატარებაც. "ის, რაც პროკურატურას, საერთაშორისო სასამართლოებს სჭირდება, არის დოკუმენტები, კომპიუტერული დისკები, რომლებიც უნდა ინახებოდეს, მყარი მტკიცებულება და არა ჭორის დონეზე მიღებული ინფორმაცია. უნდა გქონდეს ფაქტები, რიცხვები, ჩანაწერები,“ ამბობს პროფესორი ვეჯვუდი.

ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არ არის მიმართავს თუ არა უკრაინის მთავრობა ლეგალურ ბერკეტებს უკანასკნელი წლების მანძილზე ყოფილი მთავრობის ან რუსეთის წინააღმდეგ. თუ კიევმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და პროცესი წარმატებით წარიმართა, ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ლეგალური პრეცედენტი იქნება. კრემლი ამ ნაბიჯს, სავარაუდოდ, ყველა მეთოდით შეეწინააღმდეგება არა მხოლოდ უკრაინისთვის რეპარაციების გადახდის თავიდან აცილების მიზნით, არამედ მომავალში სხვა მეზობელი ქვეყნებისგან მსგავსი ნაბიჯების კატეგორიულად გამოსარიცხადაც.