ოთხშაბათს უკრაინამ გამოაცხადა, რომ რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრიერიშის ფარგლებში მზარდი წინსვლა აქვს. ამასთან ერთად ითქვა, რომ ბრძოლა „უკიდურესად ცხარე“ იყო.
„ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარმა თქვა, რომ უკრაინის ქმედებებს „ნაწილობრივი“ წარმატება ჰქონდა.
ასევე ნახეთ: კიევი ტერიტორიულ მიღწევებზე საუბრობს - რუსულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
ბოლო დღის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა ქალაქ ბახმუტთან, ზოგიერთ ადგილზე 200-500 მეტრით, ქალაქ ზაპორიჟიის მიმართულებაზე კი 300-350 მეტრით წინ წაიწია.
მინისტრის მოადგილის ცნობით, ბრძოლები გრძელდებოდა სოფელ მაკარივკასთან, სამხრეთის პორტ ბერდიანსკის მიმართულებაზე. ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა ასევე მარიუპოლის მიმართულებაზე, ნოვოდანილივკის და ნოვოპოკროვსკის მიდამოებში.
სააგენტო „როიტერმა“ საბრძოლო ვითარების გადამოწმება ვერ შეძლო. რუსეთს უკრაინელების წარმატებები არ უღიარებია და პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ცოცხალი ძალის ახალი მობილიზაციის საჭიროებას ვერ ხედავს.
უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსულმა სარაკეტო თავდასხმებმა ქალაქ ოდესაში სამი და დონეცკის რეგიონში სამი ადამიანი იმსხვერპლა. გავრცელებული ცნობების თანახმად, რაკეტები ქალაქებში კერძო სახლებს მოხვდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით თავდასხმის დროს, მათ სამი რუსული რაკეტა და ცხრა დრონი გაანადგურეს.