უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობის სხვა რამდენიმე წარმომადგენელმა გააკრიტიკა ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კომენტარი ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა ნატოში წევრობის სანაცვლოდ შეიძლება ორ ქვეყანას შორის ომის დასრულების გზა იყოს.
„ჩვენ ყოველთვის ვვარაუდობდით, რომ [ჩრდილო-ატლანტიკური] ალიანსი, ისევე, როგორც უკრაინა, არ ვაჭრობს ტერიტორიებით“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერო ოლეჰ ნიკოლენკო 15 აგვისტოს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისი თქმით, ასეთი შეთავაზებები მხოლოდ „რუსეთს ემსახურება“.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ადმინისტრაციის უფროსის, სტიან იენსენის კომენტარებს "უცნაური ნაბიჯი" უწოდა. "აბსოლუტურად გაუგებარია რატომ მოხდა ეს", - თქვა დანილოვმა.
ასევე ნახეთ: უკრაინამ სამხრეთში კიდევ ერთი სოფელი დაიბრუნა15 აგვისტოს ნორვეგიაში, არენდალში ერთ-ერთი დისკუსიის დროს, ნატოს მაღალჩინოსანმა თქვა, რომ სწორედ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობა შეიძლება იყოს გამოსავალი კონფლიქტის დასრულებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ძლიან რთულ მდგომარეობაშია სამხედრო თვალსაზრისით და რომ "არალეალისტურია [რუსეთის მიერ] ახალი ტერიტორიების დაკავება". მან ასევე გაიმეორა ნატოს პოზიცია, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთთან მხოლოდ კიევზეა დამოკიდებული.
ივლისში, ნატოს სამიტზე ვილნიუსში,უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა გამარჯვებად მიიღებს მხოლოდ იმ სცენარს, როდესაც ქვეყნის სრული ტერიტორია გათავისუფლდება. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება არ აპირებს რომელიმე ტერიტორიის დათმობას მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკების დადების სანაცვლოდ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აქამდე რამდენჯერმე თქვა, რომ "უკრაინა არ მიიღებს არცერთ შეთავაზებას, რომელიც ტერიტორიის დაკარგვას, ან კონფლიქტის გაყინვას გულისხმობს".
ნატოს ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობასთან დაკავშირებით. თუმცა, რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ ნატოს ოფიციალური პირების დასახელების გარეშე, მათი კომენტარები გაავრცელა, სადაც ისინი ამბობენ, რომ ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.