მმართველი პარტიის სავარაუდო გამარჯვება უკრაინაში

ევროპელი დამკვირვებლები მკაცრად აკრიტიკებენ წინასაარჩევნო კამპანიას
უკრაინაში კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, ვიქტორ იანუკოვიჩი ხელახლა შეკრებს საპარლამენტო უმრავლესობას.

ამ წუთებამდე არჩევნების შედეგები საბოლოოდ დათვლილი არ არის, თუმცა, პრეზიდენტის რეგიონების პარტიას და მის კომუნისტ მოკავშირეებს ხმათა 50 პროცენტი გარანტირებული აქვთ. დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, პრეზიდენტი შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას.

ამ ფონზე, ევროპელი დამკვირვებლები მკაცრად აკრიტიკებენ წინასაარჩევნო კამპანიას, ისევე როგორც პროცესის ადმინისტრირებას. დამკვირვებლების აზრით, კამპანია საგრძნობლად იყო გადახრილი იანუკოვიჩის მხარეს, რაც რეგიონების პარტის კანდიდატმა სახელისუფლებლო რესურსის ბოროტად გამოყენებით, მედიაში დომინანტური როლითა და ოპოზიციის ორი წამყვანი წევრის დაკავებით შეძლო.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ლიდერი, ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები 46 მილიონიანი ადამიანის ცხოვრებაში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. „ამ არჩევნებში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ფულის გაზრდილი როლის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინაში დემოკრატიულმა პროცესებმა რეგრესი განიცადა.“

დუგლასის მტკიცებით, იანუკოვიჩის ხელისუფლებამ საარჩევნო ველი საკუთარი წარმატებისთვის გადახარა. „28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალობის ნაკლებობით და მედიაში ბალანსის არქონით ხასიათდებოდა. შესაბამისად, საარჩევნო ველის არათანაბრობა დავაფიქსირეთ.“

ევროპელი დამკვირვებლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ წამყვანი ოპოზიციონერის, იულია ტიმოშენკოს პატიმრობის ფაქტს. თუმცა, ლიდერის პატიმრობის პირობებშიც კი მისმა პარტიამ-„ბატკივშჩინამ“, რომელიც თარგმანში „სამშობლოს“ ნიშნავს ხმათა 23 პროცენტი მოიპოვა. ამასთან, ტიმოშენკომ, გუშინ, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შიმშილობა გამოაცხადა.

ტიმოშენკოს განცხადება მისმა ადვოკატმა, სერჰი ვლასენკომ გაახმოვანა: „ახლა თქვენთან რომ ვიყო და თავისუფლად მოქმედების საშუალება რომ მქონდეს, უვადო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოგიწოდებდით და ჩვენ ერთად, ამ გამყალბებლებს ადგილს მივუჩენდით, როგორც წარსულში.

თუმცა, ახლა მე საპატიმროში ვარ. თქვენ კი ვერ მოგიწოდებთ ქუჩებში გამოსვლას, რადგან არ ვარ დარწმუნებული რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. ამიტომ მე, ყველაფერს ვაკეთებ რისი საშუალებაც მაქვს, ვაცხადებ შიმშილს და პროტესტს ვუცხადებ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, ისევე როგორც არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოს.“

„ეუთო"-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ამომრჩეველზე არ უნდა ხდებოდეს ზეწოლა მთავრობის ან დამსაქმებლის მხრიდან. ადამიანები არ უნდა დააკავონ იმისათვის, რომ ისინი ოპოზიციურ აზრს ისმენენ ან გამოთქვამენ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მთლიანობაში მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა, ვაშინგტონი შეშფოთებულია ფალსიფიცირებისა და გაყალბების შესახებ მიღებული ცნობებით. ტონერმა დასძინა, რომ ამერიკა იზიარებს „ეუთო"-ს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა მმართველი პარტიის კანდიდატებს ეხმარებოდა და ოპოზიციას ავიწროვებდა.

მსგავსი კრიტიკა არ გაიზიარა უკრაინის პრემიერ მინისტრმა, მიკოლა აზაროვმა და თქვა, რომ ხელისუფლების ხელთ არსებული მონაცემებით, ყველა უცხოელი დამკვირვებელი პოზიტიურად აფასებს საარჩევნო პროცესებს და რომ ოფიციალური კიევი იმედოვნებს, რომ საბოლოო შედეგები სწორედ ამ ნორმალურ სიტუაციას ასახავს.

პირველადი მონაცემებით, ხმათა 15 პროცენტი აქვს ვიქტორ იანუკოვიჩის საპარლამენტო მოკავშირე კომუნისტურ პარტიას.

მმართველი პარტიის გამარჯვება, სავარაუდოდ, იანუკოვიჩის ძალაუფლებას კიდევ უფრო განამტკიცებს. ახლა მას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პრეზიდენტობის ხუთ წლიანი ვადიდან ზუსტად ნახევარი დარჩა. პირველ ნახევარში მან ხელისუფლება კიდევ უფრო განიმტკიცა და დასავლეთის წინააღმდეგობა დაიმსახურა.

მცირე ზომის ოპოზიციური პარტიები, ვიტალი კლიჩკოს ხელმძღვანელობით, არსებული „უდარის“ პარტიის და ნაციონალისტური განწყობების „თავისუფლების“ ჩათვლით, დარწმუნებული არ არიან თუ რამდენად დიდი იქნება ამ პარტიების გავლენა არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ.

უკრაინის ერთპალატიანი რადას 450 წევრის არჩევა ქვეყნის სუსტი დემოკრატიის გამოცდა იყო, დემოკრატიისა, რომელსაც დარტყმა უკვე მიაყენა იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ.