უკრაინამ ოთხშაბათს უარყო, რომ კიევზე საჰაერო თავდასხმის დროს, რუსულმა ჰიპერბგერითმა რაკეტამ, ამერიკული "პატრიოტის" სარაკეტო თავდაცვის სისტემის ბატარეა გაანადგურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, "პატრიოტის" სისტემის განადგურების შესახებ განცხადება სამშაბათს, უკრაინის დედაქალაქზე ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ გააკეთა. მოგვიანებით, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პატრიოტის სისტემა სავარაუდოდ დაზიანდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ განადგურებულა.
"მინდა ვთქვა: არ ინერვიულოთ პატრიოტის ბედზე", - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იჰნატმა უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, რუსული „კინჯალის“ რაკეტის მიერ, „პატრიოტის“ სისტემის განადგურება გამორიცხა.
„რაღაც „კინჯალით“ სისტემის დანგრევა შეუძლებელია. ყველაფერი, რასაც ამბობენ, მათ პროპაგანდისტულ არქივში დარჩება“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ: უკრაინა ბოლო გემმა დატოვა, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ბედი რუსეთის ხელშია"პატრიოტი" ერთ-ერთი მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელსაც დასავლეთი უკრაინას, რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დასახმარებლად აწვდის.
ვლადიმირ პუტინმა „კინჯალი“ რუსეთის სამხედრო წარმატების მაგალითად 2017 წელს წარადგინა, როგორც "მოწინავე იარაღი, რომლის დაფიქსირება და ჩამოგდება, შეუძლებელია".
უკრაინამ განაცხადა, რომ მან სამშაბათს „კინჯალის“ ექვსი რაკეტა ჩამოაგდო. რუსეთმა ეს უარყო. გაურკვეველია, რომელი დასავლური იარაღი გამოიყენა უკრაინამ რაკეტის ჩამოსაგდებად. პენტაგონს აღნიშნუზე კომენტარი არ გაუკეთებია.