კორუფციის მასშტაბი უკრაინაში

იანუკოვიჩმა და მისმა გარემოცვამ სავარაუდოდ მილიარდობით დოლარი მიითვისა, უკრაინა კი დღეს უძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია
მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თებერვლის ბოლოს უკრაინა დატოვა, ხალხს შესაძლებლობა მიეცა ენახა სახლი, რომელშიც ის ცხოვრობდა. კიევთან ახლოს მდებარე მეგა-სასახლეს 137 ჰექტარი ბაღი აქვს და ის 75 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მხოლოდ ჩაისა და სადილის ოთახების ღირებულება 2.3 მილიონი დოლარია. თვითმხილველების თქმით, საითაც არ უნდა გაიხედო, ერთი შთაბეჭდილება გრჩება... რომ იმპერატორის სასახლეში იმყოფები.

პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა მიწის ეს ნაკვეთი პრივატიზაციის მეშვეობით საკუთარ მფლობელობაში გადაიტანა და სახლის ასაშენებლად და მის მოსაწყობად ბიუჯეტიდან მითვისებული და კორუფციის გზით მიღებული თანხები გამოიყენა. სახელმწიფოსგან მითვისებული თანხა წარმოუდგენელია, აცხადებს პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის ეკონომისტი ანდერს ასლუნდი:

„პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა თქვა, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის მიერ სახელწიფო ხაზინიდან 37 მილიარდი დოლარია მითვისებული. ამაში იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ - ეგრეთ წოდებული „ოჯახის,“ მაგალითად ანდრეი ხლუიევისა და ბორის კოლესნიკოვის მიერ მითვისებული თანხებიც შედის. ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის მთავრობას შეგვიძლია შევხედოთ, როგორც ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფს, რომელიც მთავრობისგან რაც შეიძლება მეტი თანხის მოპარვას ცდილობდა.“

უკრაინის ახალი მთავრობა, პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკის ხელმძღვანელობით, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობს ყოფილი მმართველების საზღვარგარეთ მდებარე ანგარიშების გასაყინად და მითვისებული თანხების ბიუჯეტში დასაბრუნებლად. საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალ ინტეგრითის“ წარმომადგენელი ნათანიელ ჰელერი ამბობს, რომ დასავლეთს ამაში დიდი ბრალი მიუძღვის:

„იმის იგნორირება, თუ რა როლი ითამაშა ამაში დასავლეთის ფინანსურმა ინსტიტუტებმა, არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია, არამედ იმასაც, რომ მეორე ნახევარს ვერც კი ვხედავთ.“

ანდერს ასლუნდი ამბობს, უკრაინის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად პარლამენტმა დაუყოვნებელი ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად:

„ყველაზე ადვილად განსახორციელებელი ნაბიჯი სახელმწიფო შესყიდვებზე კონკურენტული ტენდერების გამოცხადების შესახებ კანონის მიღებაა. უნდა დარეგულირდეს ბუნებრივი აირის ინდუსტრია, რომელიც კორუფციის ყველაზე მასშტაბურ წყაროს წარმოადგენს.“

ასლუნდი ასევე აცხადებს, რომ აუცილებელია რეფორმების გატარება ქვეყნის სასამართლო სისტემაში, სადაც კორუფციის ძალიან მაღალი დონეა. იმისთვის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს, აუცილებელია მოსამართლეებს ჰქონდეთ სურვილი და შესაძლებლობა იმისთვის, რომ მკაცრად დასაჯონ კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო თანხების მითვისებას ცდილობენ.