ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: აშშ, ევროპა მზად არიან რუსეთი ყირიმის რეფერენდუმის გამო დასაჯონ


აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს კვირას, სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ვაშინგტონი და მისი “ევროპელი პარტნიორები მზად არიან დამატებითი საზღაური დაუწესონ” მოსკოვს, უკრაინის ყირიმში გამოყოფის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის მხარდაჭერისთვის.

ამერიკელმა ლიდერმა ასევე შეახსენა ბატონ პუტინს, რომ კრიზისის დიპლომატიური მოგვარების ალტერნატივა ჯერ კიდევ არსებობს და რომ უკრაინის მთავრობა აგრძელებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც სიტუაციის დე-ესკალაციას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით, კი საპრეზიდენო არჩევნების მომზადების და საკონსტიტუციო რეფორმის წინა-პერიოდში.

ობამამ რუს ლიდერს მოუწოდა დაუშვას უცხოელი მონიტორები ძალადობის ნებისმიერი აქტის პრევენციის მიზნით.

დღეს, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადება რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ ის უკრაინის კონსტიტუციას არღვევს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “კენჭისყრის შედეგებს არასდროს აღიარებს აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა.”

პრეზიდენტების სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ყირიმის საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობები, რომ ამომრჩევლის 95%-მა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. ეს ინფორმაცია კვირას, გვიან საღამოს გავრცელდა, როცა ბიულეტენების ნახევარი იყო დათვლილი. ამომრჩევლის აქტივობა კი 75-დან 80 %-მდე შეფასდა.

ყირიმის პრო-რუსული პოლიტიკის გამტარებელმა ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ოფიციალურად ორშაბათს მოითხოვს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

კიევში, უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა, რომელმაც კაბინეტის საგანგებო სესია მოიწვია, მოსკოვის მხარდაჭერილ რეფერენდუმს “ცირკის სპექტაკლი უწოდა, რომელმაც რუსეთის მიერ დამიზნებული იარაღის ქვეშ ჩაიარა."

თეთრმა სახლმა ცოტა ადრე განაცხადა, რომ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული უკრაინის ეროვნული მთავრობის გარეშე.

თეთრი სახლის განცხადებაშივე ითქვა, რომ 25 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ყველა უკრაინელისთვის ლეგიტიმურ შესაძლებლობას უზრუნველყოფს საკუთარი პოზიცია გააჟღერონ თავიანთი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG