111 170 რუსი ჯარისკაცია ომში მოკლული, ამბობს უკრაინა

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის 111 170-ზე მეტი რუსი სამხედროა მოკლული.

8 იანვარს უკრაინის გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 430 რუსი სამხედრო იყო მოკლული. რუსეთმა დამატებით 3 ტანკი და 3 საარტილერიო სისტემა დაკარგა.

ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება შეუძლებელია. უკრაინაში გამოქვეყნებული მონაცემები, როგორც წესი, იმაზე მეტია, ვიდრე დასავლეთის მიერ გასაჯაროებული მსხვერპლის რაოდენობა.

ასევე ნახეთ: უკრაინა - თავდაცვას, რუსეთი კი საჰაერო შეტევებს აძლიერებს

რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ უტევს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს და მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცეცხლის 36 საათით შეწყვეტა შესთავაზა. თუმცა, კიევის განმარტებით, ცეცხლი არცერთი მხრიდან არ შეწყვეტილა.

"რუსეთმა უკრაინის მიმართ გაისროლა 9 რაკეტა და 3 საჰაერო იერიში განახორციელა. სარაკეტო სისტემებიდან 40 თავდასხმა მოხდა, კონკრეტულად - სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის მთავრობის ცნობითვე, ამ თავდასხმების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. მსხვერპლი, გავრცელებული ცნობით, დონეცკის და ხერსონის რეგიონში მომხდარ თავდასხმებს მოჰყვა.

ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, რომ იერიშები გრძელდებოდა ზაპორიჟიაშიც, სადაც რუსული ძალები ქალაქის შემოგარენს უკრაინული მხარის ცნობით, კლასტერული ასაფეთქებელი მოწყობილობებით უტევდნენ.

5 იანვარს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები ცეცხლს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყვეტდნენ და 6 იანვრიდან ის 36 საათს გაგრძელდებოდა. უკრაინულმა მხარემ თქვა, რომ ეს მოსკოვისგან მხოლოდ გადაჯგუფებისა და ძალების გაძლიერებისთვის საჭირო მანევრი იყო.