უკრაინის კათოლიკე ეკლესიის მეთაური რომის პაპს შეხვდა და თქვა, რომ რუსეთთან დიალოგი არ შეიძლება მანამ სანამ, მოსკოვი მეზობელს, სადაც ის შეიჭრა, კოლონიად მიიჩნევს.
ეს არქიეპისკოპოს სვიატოსლავ შევჩუკის პირველი ვიზიტი იყო ვატიკანში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. მისი თქმით, ეს მისი გადაწყვეტილებაა - არ გაექცეს რუსულ ბომბებს და შეინარჩუნოს უკრაინელ ხალხთან ახლო, ყოველდღიური კავშირი.
„ომი უკრაინაში კოლონიურია და რუსეთის სამშვიდობო წინადადებები არის კოლონიური სიმშვიდის შესახებ,“ - თქვა ვატიკანში, რომის პაპთან შეხვედრის დროს შევჩუკმა.
უკრაინის არქიეპისკოპოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რომის პაპს, ეწვიოს უკრაინას და ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას. შევჩუკმა პაპ ფრანცისკეს ირპინიდან, იმ ეკლესიის ფასადის ნატეხი ჩაუტანა, რომელიც რუსულ ჭურვებს შეეწირა.
ასევე ნახეთ: მოსკოვი უკმაყოფილოა პაპი ფრანცისკეს განცხადებით პატრიარქ კირილზე„[რუსეთის სამშვიდობო] წინადადებები უკრაინელი ხალხის არსებობის, მათი ისტორიის, კულტურის, რელიგიის არსებობის უარყოფას გულისხმობს. ეს არის უკრაინის სახელმწიფოს უარყოფა, სუვერენიტეტის უარყოფა, ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ამ პირობებში, რუსეთის წინადადებებს არ გააჩნია დიალოგის საფუძველი,“- თქვა არქიეპისკოპოსმა სვიატოსლავ შევჩუკმა.
ბოლო თვეების განმავლობაში, რომის პაპმა რუსეთს ომის შეწყვეტისკენ რამდენჯერმე მოუწოდა. რამდენჯერმე ის საზოგადოების წინაშე უკრაინის დროშითაც გამოჩნდა და კრიტიკული განცხადებებიც გააკეთა.