ფინეთის ნატოში გაწევრიანების ფონზე, უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას აგრძელებს

ბახმუტსა და მის შემოგარენში ბრძოლები გრძელდება. მაშინ, როდესაც რუსეთი ამტკიცებს, რომ ბახმუტის ადმინისტრაციული ცენტრი აიღო, უკრაინელები მოსკოვს დასცინიან და ამბობენ, რომ რუსეთმა დროშა ''რაღაც საპირფარეშოზე'' აღმართა.

ფინეთი, რომელიც 1,300-კილომეტრიან საზღვარს იყოფს რუსეთთან, დღეს ნატოს წევრი გახდა. ეს ფინეთის საპასუხო რეაქციაა რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაზე, რასაც რუსეთი, მისი განცხადებით, ნაწილობრივ ნატოს გაფართოების საწინააღმდეგოდ აკეთებს.

ბახმუტისთვის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანია, რაც გასული ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარეობს. დანაკარგები უზარმაზარია ორივე მხარეს, ქალაქი კი თითქმის, მთლიანადაა განადგურებული.

Your browser doesn’t support HTML5

მოზარდი, რომელიც უკრაინელმა დედამ რუსეთიდან დაიბრუნა

ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის დაჯგუფების" ხელმძღვანელი, ამტკიცებს, რომ მისმა მებრძოლებმა ბახმუტის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის თავზე რუსული დროშა აღმართეს, თუმცა იქვე ამბობს, რომ უკრაინელები ქალაქის დასავლეთ პოზიციებს კვლავ იკავებენ.

ინფორმაციას არ ადასტურებს უკრაინული მხარე. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის საბჭოსა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე.

"ბახმუტი უკრაინული [ქალაქია], მათ არაფერი აუღიათ და ამისგან ძალიან შორს არიან",- უთხრა სერჰი ჩერევატიმ, აღმოსავლეთ ძალების ხელმძღვანელმა, სააგენტო "როიტერს".

"მათ დროშა რაღაც საპირფარეშოს თავზე აღმართეს. მიამაგრეს ის, ვინ იცის, რაზე, ჩამოკიდეს ნაჭერი და თქვეს, რომ ქალაქი დაიპყრეს. კარგი, იფიქრონ, რომ აიღეს", - თქვა ჩერევატიმ "როიტერთან" სატელეფონო საუბარში.

ასევე ნახეთ: მოსკოვი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას პასუხობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს მტრის 45 თავდასხმა, ბახმუტის "ოპერაციების ეპიცენტრში", ქალაქ ავდიივკასა და მარინკას სამხრეთით.

სააგენტო "როიტერმა" ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენების შესახებ გარცელებული ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოახერხა.