ოთხშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მობილიზაციის გამოცხადების გარეშე, რეზერვისტების სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებას იძლევა.
უკრაინის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი იმ დროს გადაიდგა, როდესაც უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მასიური თავმოყრა ხდება. პარალელურად, აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლიდან უკრაინის სამხედრო ძალები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ებრძოდნენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები გახშირდა.
ასევე ნახეთ: აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია მწვავდებაახალი კანონი, რომელიც უკრაინის პარლამენტმა მარტის ბოლოს მიიღო, ქვეყანას საშუალებას მისცემს “ქვეყნის თავდაცვის ყველა სამხედრო დანაყოფი რეზერვისტებით სწრაფად შეავსოს და ამით, სამხედრო აგრესიის დროს მათი ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდოს”, ნათქვამია ზელენსკის კანცელარიის განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სამშაბათს თქვა, რომ საზღვრის გასწვრივ რუსული ძალების თავმოყრა გრძელდება და “მოსალოდნელია მთლიანმა სამხედრო ძალამ 120 ათასზე მეტ ჯარისკაცს მიაღწიოს.” მან დასავლეთს დაჟინებით სთხოვა რუსეთის ეკონომიკის მთელი სექტორების მიზანში ამოღებით, მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული სანქციები გააძლიეროს.
მოსკოვმა სამხედრო კონცენტრაციის თაობაზე უკრაინის და დასავლეთის შეშფოთება არ გაიზიარა და ირწმუნება, რომ საკუთარი სამხედრო ძალების განლაგების ადგილის შერჩევაში თავისუფალია და ხაზს უსვამს, რომ ისინი არავის ემუქრებიან. იმავდროულად, კრემლმა უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ამბოხებული აღმოსავლეთ რეგიონების დასაბრუნებლად ძალა არ გამოიყენონ და ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთი იძულებული გახდეს ჩაერიოს, რათა რეგიონის სამოქალაქო მოსახლეობა დაიცვას.
ასევე ნახეთ: პუტინს საფასურის გადახდა მოუწევს, თუ უკრაინას ისევ შეუტევს - დენიელ ფრიდისამშაბათს ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში თქვა: “უკრაინა ომს არასდროს დაიწყებს, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.” ზელენსკიმ დაძაბულობის განსამუხტად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში შეხვედრა შესთავაზა.
ოთხშაბათს, კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, დარწმუნებული არ არის იმაში, რომ პუტინს ზელენსკის მიმართვის ნახვის დრო ჰქონდა.