რუსეთის ძალებმა ყირიმში ორი აეროპორტი დაიკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ამ მოქმედებებს სამხედრო თავდასხმად აფასებს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა ყირიმში ორი აეროპორტი დაიკავეს. ასევე გავრცელდა განცხადება, რომ უკრაინის სანაპირო დაცვის ბაზას რუსეთის საზღვაო ქვეითებმა ალყა დაარტყეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ამ მოქმედებებს სამხედრო თავდასხმად აფასებს. საკუთარ ფეისბუქის გვერდზე მან დაწერა, რომ რუსეთის ჯარები სევასტოპოლში ბელბეკის აეროპორტს ბლოკავენ, სადაც რუსეთს საზღვაო ბაზა აქვს. ამოუცნობი შეიარაღებულ ადამიანები პატრულირებას აწარმოებდნენ სიმფეროპოლის აეროპორტშიც.

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი დღეს სიმფეროპოლის აეროპორტში ჩაფრინდა. მისი თქმით, ვითარება წყნარია და ამ ეტაპზე ფრენები არ ფერხდება.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში ჩართული არ არის.

უკრაინის დროებითმა პრეზიდენტმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა მთავრობის საგანგებო სესია მოიწვია სიტუაციის გასახილველად. უკრაინის პარლამენტმა რუსეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა სთხოვა.