უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადებების ინტერპრეტაცია მსოფლიოს მედიაში
- „უკრაინა: უკანდახევა ევროკავშირის ხელშეკრულებიდან თუ ბლეფი“? - ასეთ კითხვას სვამს გაზეთი „ფაინენშალ თაიმსი“
- „რუსულ საფრთხესთან პირისპირ - უკრაინა ევროკავშირთან ხელშეკულების დადებას აჩერებს“ - ამ სათაურით უკრაინაში 21 ნოემბრის მოვლენებს „ნიუ იორკ თაიმსი“ ეხმაურება
- „ვლადიმირ პუტინი: ჩვენ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებისთვის რუსეთს, ევროკავშირს და უკრაინას შორის - ეს არის ევროკავშირის მიზნების სერიოზულობის გამოცდა“ - ამ მასალაში „რაშა თუდეი“ რუსულ პოზიციას ახმოვანებს
- „იანუკოვიჩი ჩიხშია“ - უკრაინელი ჟურნალისტი ვიტალი პორტნიკოვი ამბობს, რომ თუკი უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა, მას დიქტატურის გარდა, სხვა გზა არ რჩება
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინა ხუთშაბათს დრამატულად განვითარებული მოვლენების გამო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 21 ნოემბერს უკრაინამ გამოაცხადა, რომ ის აჩერებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გეგმებს, რომელიც ევროკავშირთან ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განსაზღვრავს. შეგახსენებთ, ხელმოწერა ვილნიუსის სამიტზე, 28-29 ნოემბრისთვის იგეგმებოდა. ევროპის ლიდერებმა მწუხარება გამოთქვეს ამ ფაქტის გამო. „ეს არამარტო ევროკავშირისთვის, არამედ, გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხისთვისაც იმედგაცრუებაა“ - განაცხადა კეტრინ ეშტონმა, ევროკავშირის საგარეო საკითხების უმაღლესმა კომისარმა.
განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა. „ჩვენ უკრაინელთა დიდი უმრავლესობის გვერდში ვდგავართ... ევროკავშირს ვუწონებთ, რომ კარს ჯერჯერობით ღიად ტოვებენ. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ უკრაინის ინტეგრაცია ევროპაში არის ყველაზე სწორი კურსი ქვეყნის ეკონომიკური აყვავების და დემოკრატიზაციის გზაზე“ - ნათქვამია ამერიკის საგარეო უწყების განცხადებაში.
პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მინიშნებებით თითი რუსეთისკენ გაიშვირეს. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კი „რაშა თუდეის“ ინფორმაციით, ევროკავშირს თავად ადანაშაულებს უკრაინაზე „წნეხის“ გამოყენებაში და ქვეყნის „დაშანტაჟებაში“. „გუშინ, როცა ეს ამბავი შევიტყვე, რომ უკრაინამ შეაჩერა - კი არ გააუქმა - შეაჩერა მოლაპარაკება ევროკავშირთან და უნდა გადახედოს ყველაფერს, მაშინათვე ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირიდან მომავალი საფრთხის შესახებ გაკეთებული განცხადებები, რომ უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება. ამას წნეხი და შანტაჟი ქვია“ - განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა პარასკევს, პეტერბურგში თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
შტეფან ფულემ, ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, კიევში ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე ვიზიტი დაგეგმა. თუმცა, შემდეგ ის სულ რამდენიმე საათში გააუქმა. „თვითერზე“ გაკეთებულ განცხადებაში კომისარმა აღნიშნა, რომ ძალიან ძნელი იქნებოდა უკრაინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში რუსეთის გავლენის არდანახვა, კერძოდ - „რუსეთის ბოლო უსამართლო ეკონომიკური და სავაჭრო ზომების შედეგის“.
პარასკევს, როგორც უკრაინის, ასევე საერთაშორისო მედიაში გაჩნდა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ურკაინის მხრიდან ეს მხოლოდ სტრატეგიული მანევრი იყოს და არა საბოლოო გადაწყვეტილება. ამის საფუძველს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინულ რადაში გაკეთებული განცხადებაც იძლევა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მთავრობის გადაწყვეტილებას უკრაინას და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მომამზადებელი პროცესის შეჩერების შესახებ, ტაქტიკური ხასიათი აქვს, რომელიც ეკონომიკურ სიტუაციას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, უკრაინის სტრატეგიული კურსი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით უცვლელი რჩება“ (უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“).
გაზეთი „ფაინენშალ თაიმსი“ ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დიდი ხანია რუსული ვარიანტი ქვეყნის საგარეო თუ ეკონომიკური კურსის არჩევანიდან ამოღებული აქვს, თუმცა დახურულ კარს მიღმა ამ კოზირს ბრიუსელთან მოლაპარაკებათა საწარმოებლად იყენებს. ორი დასავლელი დიპლომატის მიერ გამჟღავნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობა არ სახელდება, გაზეთი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა შტეფან ფულესთან საუბარში განაცხადა, რომ ის არც ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და არც იულია ტიმოშენკოს გაათავისუფლებს, თუკი დასავლეთი უკრაინას ზოგადად მეტ ფინანსურ დახმარებას არ აღმოუჩენს. სავარაუდოდ საუბარია სტიმულირების პაკეტზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, ან უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებაზე.
ჯერჯერობით გაურკვეველია, მზად არის თუ არა ევროკავშირი დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობებისთვის. ის უკრაინას ხელმოწერის შემთხვევაში დაახლოებით მილიარდდოლარიან დახმარებას უკვე დაპირდა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, იანუკოვიჩი საერთაშორიოსო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებას წლის განმავლობაში 15-მილიარდიანი დახმარების პაკეტზე აწარმოებდა. ამ შეთანხმების წარმატება უფრო უკრაინის შიდაპოლიტიკური რეფორმების წარმატებებზეა დამოკიდებული, ვიდრე ევროკავშირის ნებაზე - აღნიშნავენ ანალიტიკოსები. „ფაინენშალ თაიმსი“ ნოემბრის მესამე კვირის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს პოკერის თამაშში ღრმად ჩაფლულ მოთამაშეებს ადარებს და ამბობს, რომ ჯერჯერობით ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რით დამთავრდება ვილნიუსის სამიტი და ნოემბრის გადამწყვეტი, მეოთხე კვირა. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ბრიუსელს ძალიან უნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წარმატების დემონსტრირება და პუტინსაც არანაკლებ სურს საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების რუსეთის ირგვლივ გაერთიანება, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ „პოკერის თამაში სულ ცოტა რამდენიმე დღე გაგრძელდება“ - ნათქვამია მიმოხილვაში.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ავტორი, დევიდ ჰერზენჰორნი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს უკრაინის საბოლოო გადაწყვეტილება, მოლდოვა ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მაინც მოაწერს. ევროპის უღარიბესი ქვეყანა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სანქციების მიუხედავად, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მზად არის. იგივე გეგმა აქვს საქართველოსაც. ქვეყანა 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებთან დაკავშირებული უთანხმოების მიუხედავად, აღებულ კურსს აგრძელებს. „საინაუგურაციო ცერემონიალზე, რომელიც კვირას გაიმართა, ქვეყნის ახლმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების იმედი აქვს“ - აღნიშნავს „ნიუ იორკ თაიმსი“.