ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი მარგველაშვილი: ევროკავშირთან ხელშეკრულება ჩვენი ამბიციურ გეგმაა


მომავალი კვირა საქართველოს პოლიტიკური კომპასის ისრის მიმართულებას მყარად დააფიქრისებს

ბმული

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი პირველ ვიზიტს ლიტვაში, ვილნიუსში გეგმავს. მომავალი კვირა პოლიტიკური კომპასის ისრის მიმართულებას საქართველოსთვის მყარად დააფიქრისებს. ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით სვლაზე პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან სომხეთის შემდეგ უკრაინამაც უარი განაცხადა. დღეს რადაში ხმაურსა და ჩხუბს ადგილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადების გამო ჰქონდა, რომლის თანახმად, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების პროცესს წყვეტს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ევროკავშირი უკრაინაზე ზეწოლას ახდენს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა დღეს განაცხადეს, რომ საქართველომ უკვე მკაფიოდ განაცხადა სურვილი, რაც ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობს და გამოთქვეს იმედი, რომ ხელშეკრულების დადება ერთ წელიწადში შესაძლებელი იქნება.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:

„ქართული საზოგადოება, ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთიანია იმ ხედვაში, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ ძალიან ნათლად ხაზი გავუსვით,რომ ესაა ის არჩევანი, რომლის ირგვლივაც, ფაქტობრივად, კონსოლიდირებულია მთელი საზოგადოება. შესაბამისად, ნებისმიერი სირთულე თუ გამოწვევა, რომელიც შესაძლებელია გვქონდეს, ჩვენ ამას გადავლახავთ ერთად, როგორც საზოგადოება, როგორც სახელწმიფო. ის ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს, რომ ერთ წელიწადში პარაფირებიდან ხელი მოვაწეროთ უკვე ხელშეკრულებას, რჩება ჩვენი მთავრობის სტრატეგიად.“

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ამბობს:

„მე ვფიქრობ, რომ საქართველო ყველა შემთხვევაში მოაწერს ხელს პარაფირების ხელშეკრულებას და ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვითანამშრომლებთ დასავლელ კოლეგებთან, რომ ერთ წელიწადში ხელშეკრულება გაფორმდეს და ჩვენ შევიდეთ ევროპულ ოჯახში.“

ევროკავშირთან დაახლოების მტკიცე გადაწყვეტილების ფონზე წინ მიიწევს რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის საქმეც, მხოლოდ არაპოლიტიკურ ფორმატში. აბაშიძე-კარასინის შეხვედრა კულტურულ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე გუშინ პრაღაში გაიმართა, რასაც ორივე მონაწილე მხარემ ნაყოფიერი უწოდა. საქართველოს პარლამენტის წევრმა თინა ხიდაშელმა გუშინდელ ღია ეთერში განაცხადა, რომ საქართველოდან, უკანასკნელ წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობის ბორჯომი, ღვინო და ხილი გაიყიდა, რაც სწორედ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების შედეგად გახდა შესაძლებელი.

პრაღაში შეხვედრის შემდეგ გუშინ აბაშიძისა და კარასინის მიერ ერთობლივი განცხადებები გაკეთდა, რაც პირველი შემთხვევაა. 21 ნოემბრის შეხვედრა რიგით მეხუთე გახლდათ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკან დარჩა წინა ხელისუფლების გამძაფრებული მანიაკალური შუღლის ეპოქა. ვიმედოვნებთ, რომ წინ ურთიერთდამოკიდებულებისა და გადაწყვეტილებების კონსტრუქციული პერიოდი გველოდება. ეს იქნება ინტერესების პატივისცემა, ადამიანებზე მზრუნველობა და ჰუმანიტარული კონტაქტები იმისთვის, რომ ორივე მხარე განვითარდეს, გადაწყვიტონ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. ერთად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი იმისგან, რაც უკვე გაკეთებულია და არც იმისგან, რაც მომავალში უნდა გავაკეთოთ, რადგან ურთიერთობებში ყველაზე საშიში ილუზიებია, რომელიც შემდეგ ქრება და მათ ადგილს ურთიერთობის გაციება იკავებს. სწორედ ამის დაშვება არ გვინდა. გვინდა, რომ ყველაფერი სწრაფად, მაგრამ გრძელვადიან საიმედო პერსპექტივაში განვითარდეს. დღევანდელი კონტაქტი და პრობლემებიზე მსჯელობა მოწმობს იმას, რომ ორივე ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი მიესალმება გარემოს გაჯანსაღებას. ადამიანები უფრო ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. რუსებს არ ჰქგონიათ მტერი საქართველო და არც ადრე ეგონათ. რჩება შთაბეჭდილება, რომ არც საქართველოსთვისაა რუსეთი პირველი მტერი. რაც შეეხება ვაჭრობას, ბოლო წელს თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი რუსეთში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ გაიზრდება სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით ვაჭრობა. რაც შეეხება კონტაქტებს ხალხებს შორის. ჩვენ გავაფართოვეთ ვიზების გაცემა ნათესავებს შორის. ეს ძალიან კარგი სიმპტომია,“- აცხადებს გრიგორი კარასინი.

საქართველოს ამჯერად უკვე ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გახლავთ, არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს ერთგულება მკვეთრად დასავლური კურსის მიმართ არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ოპტიმიზაციისთვის. უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების მიმართულება თუ უცვლელად შენარჩუნდა, საქართველო მხოლოდ მოლდოვასთან ერთად გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიღწევისთვის ბრძოლას.
XS
SM
MD
LG