ლონდონმა სანქციები კიდევ ოთხ რუს ოლიგარქს დაუწესა

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ფოლადისა და ნავთობქიმიური ბიზნესის ოთხ რუს მფლობელს, მათ შორის ფოლადის მწარმოებლის "ევრაზის" (EVRE.L) ყოფილ ხელმძღვანელს. ეს ლონდონის მიერ უკრაინაში ომის გამო მოსკოვის წინააღმდეგ გადადგმული უახლესი ნაბიჯებია.

სანქცირებულთა შორის არიან ალექსანდრე აბრამოვი და ალექსანდრე ფროლოვი, რომლებსაც ბრიტანეთის მთავრობა მოიხსენიებს, როგორც რომან აბრამოვიჩის მოკავშირეებს. ლონდონმა აბრამოვიჩს სანქციები ამ წლის დასაწყისში დაუწესა.

ასევე ნახეთ: კრემლი "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენების დაზიანებაში ბრიტანეთს ადანაშაულებს

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აბრამოვის ქონება 4,1 მილიარდ ფუნტად (4,7 მილიარდი დოლარი), ხოლო ფროლოვის - 1,7 მილიარდ ფუნტადაა შეფასებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ისინი სანქცირებულთა სიაში მოპოვების, ტრანსპორტისა და სამშენებლო სექტორებში ჩართულობის გამო მოხვდნენ.

ფროლოვი "ევრაზის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია, რომლის წინააღმდეგაც სანქციების დაწესების მიზეზი, „რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის“ სექტორებში მუშაობაც იყო.

„დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ დამატებით ოთხ ოლიგარქს, რომლებიც საკუთარ პოზიციებს პუტინთან ახლობლობით იმყარებენ და თავის მხრივ აფინანსებენ მის სამხედრო მანქანას“, - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. „ამ პირების მიზანში ამოღებით, ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ) პუტინზე და ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს", - განაცხადა ბრიტანეთის მხარემ.

ასევე ნახეთ: რუსეთი გაეროს მიმართავს და კიევს "ბინძური ბომბის" გამოყენების დაგეგმვაში სდებს ბრალს

დაწესებული სანქციები მოგზაურობის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და სატრანსპორტო შეზღუდვებს მოიცავს, განაცხადა საგარეო უწყებამ.

ბრიტანეთის განცხადებით, სანქციები დაუწესდა ასევე აირატ შაიმიევს, რომლის ქონებაც, 902 მილიონი ფუნტი სტერლინგია და ალბერტ შიგაბუტდინოვს, რომელიც 977 მილიონ ფუნტს ფლობს. შიგაბუტდინოვი რუსეთის თათარისტანის რეგიონში ქიმიური და ნავთობქიმიური გადამუშავების დაახლოებით 96%-ს აკონტროლებდა, მათ შორის ნედლი ნავთობის წარმოებას.

ბრიტანეთმა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, რუსეთში ასობით პირსა და კომპანიას დაუწესა სანქციები.