ბორის ჯონსონი სამსახურს უბრუნდება

კორონავირუსისგან განკურნებული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, სამუშაოს ორშაბათიდან დაუბრუნდება. ინფორმაცია უკვე დაადასტურა პრემიერის აპარატის პრეს-სპიკერმა.

55 წლის ბორის ჯონსონი, კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, მძიმე სიმპტომების გამოვლენის გამო, რამდენიმე დღით მკურნალობის კურსს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, პანდემიის ფონზე შეწყვეტილი ბიზნესსაქმიანობის გამო არსებული რთული ეკონომიკური ვითარება - ეს არის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, საიდანაც ჯონსონს ახალი სტარტის დაწყება უწევს.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით 20 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ამის ფონზე, ბრიტანეთის მთავრობას პანდემიაზე დაგვიანებული პასუხისთვის აკრიტიკებენ. კრიტიკოსები თვლიან, რომ გარდა დაგვიანებული პასუხისა, ქვეყანა არ იყო მზად კრიზისის გასამკლავებლად, რაც ლიმიტირებულ ტესტირებასა და მედპერსონალისთვის საჭირო აღჭურვილობის დეფიციტში გამოიხატებოდა.