თეთრი სახლი: ბაიდენი არ არის ანტიბრიტანულად განწყობილი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ არის ანტიბრიტანულად განწყობილი და მისი ირლანდიური წარმომავლობით განპირობებული სიამაყე, არ გამორიცხავს მის მიერ მხარდამჭერი როლის შესრულებას, ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესში - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს, 12 აპრილს.

ბაიდენი, რომელიც ამაყობს თავისი ირლანდიური მემკვიდრეობით, სამშაბათს ბელფასტში ჩავიდა და შემდეგ ირლანდიაში გაემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს ოფიციალურ პირებთან და მის შორეულ ნათესავებთან.

პრეზიდენტის როლში ბაიდენის პირველი ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, დელიკატურ დროს ხდება. ის ემთხვევა „დიდი პარასკევის“ სამშვიდობო შეთანხმების 25 წლის იუბილეს, რომელმაც დაასრულა ათწლეულების სისხლიანი დაპირისპირება ჩრდილოეთ ირლანდიაში.

”პრეზიდენტის წარსული აჩვენებს, რომ ის არ არის ანტიბრიტანული” განწყობის - განუცხადა ამანდა სლოუტმა, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა, ბელფასტში ჟურნალისტებს. "პრეზიდენტი ბაიდენი ძალიან ამაყი, ირლანდიელი ამერიკელია. ის ამაყობს ირლანდიური ფესვებით. მაგრამ ის ასევე არის დიდი მხარდამჭერი ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის დიდ ბრიტანეთთან“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ეწვევა

სლოუტი პასუხობდა ჩრდილოეთ ირლანდიის უმსხვილესი პრობრიტანული პარტიის, დემოკრატიულ იუნიონისტური პარტიის (DUP) დეპუტატის სემი უილსონის კომენტარებს,რ ომელმაც ოთხშაბათს მედიას განუცხადა, რომ ბაიდენი "ანტიბრიტანულადაა" განწყობილი.

DUP-ის ყოფილმა ლიდერმა და ჩრდილოეთ ირლანდიის ყოფილმა პირველმა მინისტრმა, არლინ ფოსტერმა ასევე განუცხადა GB News არხს სამშაბათს, რომ ეჭვგარეშეა, რომ ბაიდენს "სძულს გაერთიანებული სამეფო".

DUP პარტია გახდა ბაიდენის მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იმის გამო, რომ პარტია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბოიკოტს უცხადებს მთავრობას, ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო წესების გამო, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიას, გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილებთან შედარებით, განსხვავებულად უდგება.

მისი ლიდერები, ჩრდილოეთ ირლანდიის სხვა ოთხ მთავარ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ერთად, ოთხშაბათს დილით უნდა შეხვედროდნენ ბაიდენს, თუმცა პარტიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიცია არ შეიცვლება აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტით.

ბაიდენმა სამშაბათს თქვა, რომ მისი პრიორიტეტი „მშვიდობის შენარჩუნებაა“ იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთ ირლანდია აღნიშნავს 1998 წლის შეთანხმების წლისთავს, რომელმაც დაასრულა 30-წლიანი სისხლისღვრა, ბრიტანული მმართველობის ძირითადად კათოლიკე ოპონენტებს და პროტესტანტ მომხრეებს შორის.