შეერთებული შტატები კვლავ პირველია უცხოელი სტუდენტების რაოდენობით, მაგრამ სწავლის საფასური და უარყოფითი პოლიტიკური რიტორიკა ბევრ სტუდენტს თუ აბიტურიენტს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.
შეერთებულ შტატებში წელიწადში მილიონზე მეტი სტუდენტი ჩამოდის, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. თუმცა ბაკალავრიატის საფეხურზე მიღებულ, ახალ სტუდენტთა რიცხვი გასულ წელს 6.6 %-ით შემცირდა. „საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის“ ყოველწლიური ანგარიშის „ღია კარის“ თანახმად, კლების ეს ტენდენცია ორი წლის წინ დაიწყო.
„კონკურენციაზე დაფუძნებულ ბაზარზე ეს ურთიერთობები არსებითად მნიშვნელოვანია", - ამბობს მარი როისი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კულტურისა და განათლების საკითხებში.
თუმცა სწავლის გადასახადი - წელიწადში 20-დან 70 ათას დოლარზე მეტი - საჯარო თუ პრესტიჟული კერძო სასწავლებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია აბიტურიენტებისთვის. ეს ამერიკას უფრო ნაკლებად მიმზიდველს ხდის საერთაშორისო სტუდენტებისთვის მაშინ, როცა გლობალური კონკურენცია იზრდება.
საერთაშორისო სტუდენტების 65 % დაფინანსებას საერთაშორისო ინსტიტუტებიდან თუ ფონდებიდან, სხვადასხვა წყაროდან იღებს. "განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის" პრესსპიკერი ამბობს, რომ საერთაშორისო სტუდენტების თითქმის 60 % სწავლის გადასახადს თავად, საკუთარი ოჯახის ფინანსებით იხდის.
მხოლოდ ბაკალავრიატის საფეხურზე კი ასეთი სტუდენტების რაოდენობა გაცილებით დიდია, მათი 82 % სწავლის საფასურს თავად იხდის, ოჯახის დახმარებით. მათ უმეტესობას ამერიკულ სასწავლებლებში სხვადასხვა დახმარების მიღების უფლება არც აქვს.
"განათლების საერთაშორის ინსტიტუტის" კვლევისა და სტრატეგიის საკითხებში მკვლევარის, რაიკა ბანდარის თქმით, გასული 30 წლის განმავლობაში, სწავლის საფასური ამერიკის საჯარო ინსტიტუტებში 213 %-ით გაიზარდა, კერძო სასწავლებლებში კი 130 $-ით.
სხვა სახელმწიფოები კი ამ ფაქტს სათავისოდ იყენებენ და საზღვარგარეთ სწავლის მსურველი სტუდენტების სწორედ შედარებით ნაკლები საფასურით მიზიდვას ცდილობენ. გარდა ამისა, მათ ცხოვრების უფლებისა და მოქალაქეობის მიღების გზებს უადვილებენ. ამერიკის უძლიერესი კონკურენტი ამ მხრივ დიდი ბრიტანეთია. თუმცა, ბოლო დროს, კანადამაც ბევრი სტუდენტის მიზიდვა შეძლო, გამარტივებული პროცედურებითა და სხვა უპირატესობებით. კანადა უცხოელ კურსდამთავრებულს ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას გაცილებით მარტივად სთავაზობს, ვიდრე შეერთებული შტატები. ეს კი იმ სტუდენტებისთვის, რომელთა ქვეყნებიც ამ ქვეყნების მსგავსად განვითარებული არ არის, დიდი შესაძლებლობაა. ბევრ სტუდენტს, რომელთაგან უმეტესობა მათი ქვეყნის საუკეთესო პროფესიონალია - ხშირად შტატებში დროებით სამუშაოდ დარჩენა, ან აქ ცხოვრების მიღების უფლება სურს. ზოგიერთი მათი მშობლიური ქვეყნის მდგომარეობა სიტყვის თავისუფლების, ეკონომიკისა თუ განათლების განვითარების მხრივ, მათ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს არ შეესაბამება.
მსოფლიოში საერთაშორისო სტუდენტების თითქმის ნახევარი ორი ქვეყნიდან - ჩინეთიდან (363 341) და ინდოეთიდანაა (196 271) წარმოშობით.
გარდა ფინანსური მხარისა, სტუდენტები და მათი ოჯახები ხშირად შეშფოთებულნი არიან პოლიტიკური რიტორიკით და იმის მოსმენით, რომ ისინი შტატებში სასურველი სტუმრები არ არიან. ისინი აღარ არიან დარწმუნებულნი არის თუ არა შეერთებული შტატები სწავლის გასაგრძელებლად მეგობრული და უსაფრთხო ადგილი. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკამ კი შეზრუდა სტუდენტური ვიზების გაცემა და ის, თუ როგორ იმართება ეს პროცედურები. გარდა ამისა, ბოლო დროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომხდარმა მასობრივმა მკვლელობებმა ასევე არაერთ ადამიანს გაუჩინა შიში და ეჭვი ამერიკაში სწავლის სურვილის თაობაზე.
განათლების ექსპერტები სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობაზე საუბრობენ, როდესაც ამერიკაში სწავლის სურვილის შემცირების ახსნას ცდილობენ. თუმცა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი მაინც ბუნდოვანი სიამიგრაციო პოლიტიკაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ასევე რადიკალურად შეიცვალოს. სტუდენტები ხშირად არდადეგებზეც თავს იკავებენ საკუთარ ქვეყნებში წასვლისგან თავს, რადგან ეშინიათ, უკან ვეღარ დაბრუნდებიან. უცხოელი სტუდენტების რაოდენობის კლების სტატისტიკა კი დროში პირდაპირ ემთხვევა 2017 წლის დასაწყისში პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიცირებულ საიმიგრაციო შეზღუდვებს ძირითადად მუსლიმური მოსახლეობის მქონე ქვეყნებიდან ამერიკაში მიმავალი ადამიანებისთვის. პრეზიდენტმა აღმასრულებელი ბრძანების გამოცემისას ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ღონისძიებად დაასახელა. ტუმცა განათლების სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს და არც თავად ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა კარგიის, რომ საუკეთესო სტუდენტებზე, მეცნიერებზე, ინჟინრებსა და მკვლევარებზე ხდება თავდასხმა.
ამერიკული უნივერსიტეტების ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რატომაც მათ აქტიურად იმუშავეს ხელისუფლებასთან 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ - იმისთვის, რომ ამას ხელი არ სეეშალა ქვეყანაში ისეთი პროფესიონალების ჩამოსვლისთვის, რომლებსაც ამერიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.