სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი უარს აცხადებს დაჩქარებული წესით ჩაატაროს იმპიჩმენტისთვის აუცილებელი სასამართლოს ტიპის მოსმენა. მაკკონელმა, სენატის უმცირესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს უკვე აცნობა, რომ არ მოიწვევს საგანგებო სესიას, ტრამპისთვის უფლებამოსილების შეჩერების პროცედურების განსახილველად. ეს ინფორმაცია მაკკონელის სპიკერმა გაავრცელა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადების უფლება წარმომადგენელთა პალატას აქვს, თუმცა იმისთვის, რომ მას საბოლოოდ შეუწყდეს უფლებამოსილება, ამისთვის სენატის თანხმობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს მაკკონელის გადაწყვეტილებას, რადგან ამ კვირაში, განრიგის მიხედვით, სენატი არ უნდა შეიკრიბოს.
შეერთებული შტატების კონგრესის მთავარ შენობაში შეჭრიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კი, დემოკრატებით დომინირებულ წარმომადგენელთა პალატაში, კენჭს უყრიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს. ხელმეორე იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მიზეზი პრეზიდენტის როლი გახდა, რომელიც მან, კანონმდებლების შეხედულებით, ამერიკულ დემოკრატიაზე მიტანილ თავდასხმაში შეასრულა.
ასევე ნახეთ: კაპიტოლიუმის დარბევაში მონაწილე ასობით ადამიანს სასჯელი ემუქრებატრამპის მხარდამჭერების კონგრესის შენობაში შეჭრა მაშინ მოხდა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტ პენსის თავმჯდომარეობით, კონგრესის გაერთიანებული სხდომაზე, არჩევნების შედეგების სერტიფიცირების ფორმალური პროცესი მიმდინარეობდა.
6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო, დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავებულია ათეულობით ამერიკელი. ვაშინგტონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული და მობილიზებულია ეროვნული გვარდია.
ამერიკელი პროკურორები ამბობენ, რომ ამოიცნეს 170 ადამიანი იმათგან, ვინც გასულ ოთხშაბათს, კაპიტოლიუმში შეიჭრა და ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო დაარბია.
ასევე ნახეთ: კაპიტოლიუმზე თავდასხმისას ევაკუირებული სამი კანონმდებელი კორონავირუსით დაინფიცირდამაიკლ შერვინმა, რომელიც კოლუმბიის ოლქის მოქმედი პროკურორია, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაპიტოლიუმში დარბევის მონაწილეთაგან 70-ს უკვე წარედგინა ბრალი. მისივე თქმით, მსგავსი რამ კიდევ 100 ადამიანის წინააღმდეგ მოხდება.
"ვეჭვობ, რომ ეს რიცხვი ასობით მეტი იქნება", თქვა შერვინმა პრეს-კონფერენციის დროს.
მისივე განცხადებით, ყველა დამნაშავის ამოსაცნობად, გამოძიებას თვეები დასჭირდება. "ეს გრძელვადიანი გამოძიება იქნება", თქვა მან.