ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 15 წლის შემდეგაც კი დამნაშავეები არ დასჯილან

ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 15 წელი გავიდა. ამერიკა და ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, დასაჯოს დამნაშავეები. თუმცა, რუსეთში ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია მზარდი წნეხის ქვეშაა.

პოლიტკოვსკაია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი იყო. მისი ჟურნალისტური ნამუშევრები რუსეთის ხელისუფლებაში კორუფციულ სქემებს ააშკარავებდა. ის წერდა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და სხვა საქმეებზე. 2006 წლის 7 ოქტომბერს კი, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეზე, ჟურნალისტი საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მოკლეს.

საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია. დამოუკიდებელი გამოცემა "ნოვაია გაზეტა", სადაც პოლიტკოვსკაია მუშაობდა, აცხადებს, რომ 15 წელში დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა სრულდება და თუ სასამართლო მას არ გაახანგრძლივებს, ჟურნალისტის მკვლელები მომავალშიც დაუსჯელები იქნებიან.

გამოცემის მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატივი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში ამბობს, რომ მან საგამოძიებო კომიტეტს ოფიციალური წერილით მიმართა და ჰკითხა, ხომ არ დაიხურა საქმე. პასუხის თანახმად, "გამოძიება გრძელდება". კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი კი ამ საქმეზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად ამბობს, რომ ამგვარი დანაშაულების გამო სასჯელი უმნიშვნელოვანესია.

2018 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ თავი ვერ გაართვა ვალდებულებას, შესაბამისად გამოეძიებინა ჟურნალისტის მკვლელობა.