შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპაარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი "იმედგაცრუებულია” სერბეთის ხელისუფლების წარდგენილ მინისტრთა ახალ კაბინეტში ამერიკის სანქციების ქვეშ მყოფ პირთა ხილვით.
„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვხედავთ, რომ ახალი მთავრობა თანამდებობებზე ორ სანქციირებულ პირს გვთავაზობს“, - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" 1 მაისს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ეს ორი კანდიდატი არის ალექსანდრე ვულინი, რომელიც ვიცე-პრემიერადაა წარდგენილი და ნენად პოპოვიჩი, რომელიც მინისტრის პოსტზე პორტფელის გარეშე შეიყვანეს.
„ჩვენი პოზიცია ბატონ ვულინისა და პოპოვიჩის მიმართ ცნობილია“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. "ისინი რჩებიან ამერიკის სანქციების ქვეშ." მან დასძინა, რომ ვაშინგტონი არანაირ როლს არ თამაშობს სერბეთის მთავრობაში დანიშვნებში.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 1 მაისსავე განაცხადა, რომ „არ არის კმაყოფილი“ სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციით.
ასევე ნახეთ: სერბეთის ოპოზიცია ევროკავშირს მოუწოდებს არ აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები”იმედი მაქვს, კარგი ურთიერთობა გვექნება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან”, - თქვა მან. „უაღრესად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა”.
ვულინს, სერბეთის უსაფრთხოების სააგენტოს BIA-ს ყოფილ დირექტორს, ვაშინგტონმა სანქციები 2023 წლის ივლისში „კორუფციული და დესტაბილიზაციის მომტანი ქმედებების" გამო დაუწესა, რომლებიც "ასევე ხელს უწყობს რუსეთის მავნე ქმედებებს რეგიონში“.
პოპოვიჩს, ბიზნესმენსა და ყოფილ მინისტრს, პორტფელის გარეშე, სანქცია დაეკისრა 2023 წლის ნოემბერში იმის გამო, რომ “მოქმედებს ან მოქმედებდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის ელექტრონიკის სექტორში“.
მარტში ვუჩიჩმა თავდაცვის მინისტრს, მილოშ ვუჩევიჩს სთხოვა ახალი მთავრობის ჩამოყალიბება გასული წლის დეკემბერში სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. სერბეთის პარლამენტი ახალი მთავრობის ფორმირებას სწორედ 1 მაისს განიხილავს.