შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განცხადება უკრაინის მორიგ სამხედრო დახმარებაზე გააკეთა. რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას ვაშინგტონი ამჯერად $600-მილიონიანი პაკეტით დაეხმარება.
თეთრი სახლი ამბობს, რომ ეს უკვე 21-ე შემთხვევაა, როცა თავდაცვის დეპარტამენტი კიევს საკუთარი საწყობებიდან შეიარაღებას და სხვადასხვა მოწყობილობებს გადასცემს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი მეზობელ უკრაინას განმეორებით დაესხა თავს და ამჯერად ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, ვაშინგტონის დახმარებამ კიევისთვის საერთო ჯამში $15.1 მილიარდს მიაღწია.
თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა ტიპის შეიარაღება გადაეცემა უკრაინას. თუმცა საინფორმაციო სააგენტოებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ძირითადად იგივე იარაღი იქნება, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით კონტრიერიშების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარა.
პენტაგონმა მოგვიანებით გამოაქვეყნა იმ შეიარაღების სია, რომლითაც ამერიკელები უკრაინელებს დაეხმარებიან. მათ შორის ჩამოთვლილია შემდეგი:
- დამატებითი ამუნიცია მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (ჰაიმარსებისთვის)
- 36 000 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი
- 1 000 მაღალი სიზუსტის, მართული, 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი
- ოთხი არტილერიის საწინააღმდეგო რადარი
- ოთხი სატვირთო მანქანა და რვა მისაბმელი მძიმე აღჭურვილობის გადასატანად
- საჰაერო დრონების საწინააღმდეგო სისტემები
- განსანაღმი აღჭურვილობა
- ქვეითთა საწინააღმდეგო, მიმართული მოქმედების ნაღმები „კლეიმორი“
- ფუგასური საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა
- მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები
- ღამის ხედვის ხელსაწყოები, ცივი ამინდისთვის განკუთვნილი მოწყობილობა და სხვა საველე აღჭურვილობა
"უკრაინელი ხალხი შესაშური შემართებით და მიზანდასახულებით იცავს სამშობლოს და იბრძვის საკუთარი მომავლისთვის" - ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ბლინკენის თქმით, ამერიკის მიერ კიევისთვის "მიწოდებული შესაძლებლობები ფრთხილადაა შერჩეული, რათა მათ მაქსიმალური შედეგი მიიღონ ბრძოლის ველზე და მტკიცე პოზიცია დაიკავონ მოლაპარაკების მაგიდასთან, როცა ამის დრო დადგება".