გაერო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა პარასკევს შეშფოთება და წუხილი გაომოთქვა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ამერიკის სანქციებმა შეიძლება გავლენა საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმდინარე სასამართლოებსა და გამოძიებებზე მოახდინოს. მათი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა დაცული და გარანტირებული უნდა იყოს.

დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ეკონომიკური სანქციები და მოგზაურობის შეზღუდვა დაუწესა ჰააგაში მდებარე სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც ჩართულნი არიან იმის გამოძიებაში, ჩაიდინეს თუ არა ამერიკელმა ჯარისკაცებმა სამხედრო დანაშაული ავღანეთში.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობა და მისი შესაძლებლობა, რომ რაიმე ჩარევის გარეშე იფუნქციონიროს, გარანტირებული უნდა იყოს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მას შეეძლოს მიიღოს გადაწყვეტილებები ნებისმიერი მხარისგან თუ ნებისმიერი მიზეზით შეუსაბამო გავლენის, ცდუნების, წნეხის, ირიბი თუ პირდაპირი ჩარევის საფრთხის გარეშე", - აცხადებს გაეროს პრეს-სპიკერი ადამიანის უფლებათა საკითხებში, რუპერტ კოლვილი. "ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების მსხვერპლს და მათ ოჯახებს აქვთ უფლება მიიღონ სიმართლე და კომპენსაცია", - განმარტა მან.