ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე ამერიკული ძალების მასპინძელ სამხედრო ობიექტზე, ორი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უსაფრთხოების წყაროების მიერ 3 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას ფონად გასდევს რეგიონში არსებული დაძაბულობა. 2 წლის წინ, ამერიკამ საჰაერო თავდასხმით ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოახდინა.
კოალიციის წყაროს მიხედვით, ანტისარაკეტო სისტემამ, რომელსაც აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიცია ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში იყენებს, ორი საფრენი აპარატი „ინციდენტის გარეშე“ ჩამოაგდო.
კოალიციის ოფიციალური წარმომადგენელი სააგენტო „ასოშეიტედ პრესთან“ საუბრისას, უპილოტო საფრენ აპარატებს „თვითმკვლ დრონებად“ აღწერს და აცხადებს, რომ ინციდენტი „სამოქალაქო აეროპორტზე საშიში თავდასხმა“ იყო.
ინციდენტს ადასტურებს ერაყის უსაფრთხოების ძალებიც. ზიანისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დრომდე, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას ან ქვეყანას აუღია.
ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, 2020 წლის 3 იანვარს სწორედ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად განხორციელდა.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალ ტრამპის ბრძანებას, ირანელ გენერალზე საჰაერო დარტყმის შესახებ წინ უძღოდა ერაყში, შეერთებული შტატების ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღა.
სოელიმანი ახლო აღმოსავლეთში ირანის სამხედრო სტრატეგიის მთავარ არქიტექტორად განიხილებოდა და მისმა ლიკვიდაციამ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გაამწვავა.
სოლეიმანის ლიკვიდაციიდან ხუთი დღის შემდეგ, ირანმა ერაყის საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკული ძალები იყო განლაგებული, სარაკეტო იერიში მიიტანა.
2021 წლის 31 დეკემბერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში, გენერლის ლიკვიდაციაში „საერთაშორისო პასუხისმგებლობა აშშ-ს“ დააკისრა. გენერლის ლიკვიდაციის ოპერაციას უწყება „ტერორისტულ თავდასხმად“ აფასებს და აცხადებს, რომ „ახლა მომხდარზე პასუხისმგებელი თეთრი სახლია.“
ასევე ნახეთ: ბაიდენსა და პუტინს შორის "სერიოზული საუბარი" სამომავლო მოლაპარაკების იმედს აჩენსმიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კოალიციამ, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „საბრძოლო მისია“ დეკემბერში დასრულებულად გამოაცხადა, ერაყში კვლავ რჩება, დაახლოებით, 2 500 ამერიკელი და კოალიციის 1 000 ჯარისკაცი. მათი ადგილზე დარჩენის მიზანი ერაყის უსაფრთხოების ძალების წვრთნა და კონსულტაციაა.