ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპოზიციის ორ ლიდერს ახალი ბრალდებები წაუყენეს. მათი ადვოკატების თქმით, პოლიტიკოსებს ბრალს ექსტრემიზმსა და ძალაუფლების მიტაცების მცდელობაში სდებენ.
მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კოლესნიკოვა ერთ-ერთი იყო იმ სამ ქალ ლიდერს შორის, რომლებიც გასულ წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციას შეუერთდნენ.
ასევე ნახეთ: ბელარუსის პრეზიდენტმა სახალხო კრება მოიწვია, რასაც ოპოზიცია თვალთმაქცობას უწოდებსსაპროტესტო ტალღა ბელარუსში აგვისტოს არჩევნების შემდეგ არ წყდება. ამ პერიოდის განმავლობაში 33 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გადადგომას არ აპირებს. დასავლეთის ქვეყნებმა მისი ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, თუმცა ლუკაშენკოს რეჟიმს ზურგს კრემლის დიპლომატიური და ფინანსური მხარდაჭერა უმაგრებს.
ადვოკატი დმიტრი ლაევსკი ამბობს, რომ მაქსიმ ზნაკი იმისთვის ისჯება, რომ "არ ეშინია, არ ნებდება". "არცერთი ამ ბრალდების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს", - ამბობს იურისტი.
ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლის შემდეგ მართავს. ხუთშაბათს მან ე.წ. სახალხო კრება მოიწვია, რომელსაც ოპოზიცია ფარსად მიიჩნევს, და მომავალ წელს საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების პირობა დადო. თუმცა, იქვე ითქვა, რომ ლუკაშენკო ქვეყნის "მხსნელია". მეორე დღეს კი პრეზიდენტმა მოქალაქეებს სმარტფონებზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რადგან ისინი მისი თქმით, "შეერთებული შტატების მიერ კონტროლდება".