სოციალური ქსელი "ტვიტერი", რომელსაც ამჟამად 335 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და ყოველ კვარტალში 500 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს, 13 წლის გახდა.
„უმნიშვნელო ინფორმაციის მოკლე გამოფრქვევა, ჩიტების ჭიკჭიკი“, ასე განმარტავს სიტყვას „ტვიტერი“ ოქსფორდის ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონი.
2010 წელს, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკამ "ტვიტერის" მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ საჭიროა მისი მომავალი თაობებისთვის შენახვა და სოციალურ ქსელზე 2006 წლიდან შექმნილი ყველა საჯარო შეტყობინება შეიძინა.
„ტვიტერმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიო მოვლენებში, მათ შორის საპროტესტო გამოსვლების და დემონსტრაციების ორგანიზებაში. ის ერთ-ერთი წამყვანი სოციალური პლატფორმა იყო ე.წ. „არაბული გაზაფხულის" და „დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობის ორგანიზებისას. „ტვიტერი“ გამოიყენეს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების გაპროტესტებისას, ირანის "მწვანე რევოლუციის", ეგვიპტის რევოლუციის, ინგლისში არეულობების და სხვა საჯარო აქციების დროს.
რიგითი მომხმარებლების გარდა „ტვიტერს“ იყენებენ ცნობილი ადამიანები, ასტრონავტები, პოლიტიკოსები, რომის პაპი, კარდინალები და ა.შ.
სოციალურ ქსელს ხშირად აკრიტიკებენ იმ მიზეზით, რომ იქ მტრული განწყობები მეტობს. "ტვიტერზე" ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც აგრესიული მომხმარებლები, მასობრივი თავდასხმით სხვის გაჩუმებას ცდილობენ. თუმცა, ამავდროულად, სოციალური ქსელი აზრის გამოთქმის შესაძლებლობას აძლევს მათ, ვისაც სხვაგვარად საჯაროდ, დიდი აუდიტორიის წინაშე, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ შეუძლია.
„ტვიტერი“დიდი კომპანიაა და ხშირია პრობლემებიც, რომლებიც უკავშირდება პერსონალური ინფორმაციის დაცვას, ტექნიკურ გამართულობას, ინფორმაციის მანიპულაციას, და ა.შ. თუმცა „ტვიტერი" მიუხედავად ამ და სხვა პრობლემებისა, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სოციალურ პლატფორმად რჩება.
„ტვიტერი" დროთა განმავლობაში შეიცვალა. მას ტექსტურ ნაწილთან ერთად, 6 წამიანი ვიდეოს გაზიარების მომსახურება „ვაინი“ დაემატა. მოგვიანებით კი კომპანიამ მომხმარებელს "ლაივ" ვიდეოების სერვისი „პერისკოპი“ შესთავაზა.
„ტვიტერი“ აკრძალულია ირანში, ჩინეთში და ჩრდილოეთ კორეაში. ბევრ ქვეყანაში სოციალური ქსელი სხვადასხვა მიზეზით დროებით იბლოკება. კომპანიის ცნობით, თურქეთი პირველ ადგილზე იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შეტყობინებების წაშლის ითხოვენ. შემდეგ ადგილებზე იყვნენ რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია.
„ტვიტერზე“ ვხვდებით ე.წ. „ბოტებს“ - ავტომატიზირებულ ანგარიშებს, რომელთაც შეტყობინებების მასიურად გაგზავნის და არარსებული მომხმარებლების შექმნის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ზოგჯერ ამ მეთოდებს მავნე მოთამაშეები არჩევნებზე, საფონდო ბირჟაზე გავლენის მოხდენის და მთავრობებზე თავდასხმისთვისაც იყენებენ. 2016 წელს რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამოძიება მოიცავდა მოსკოვის მცდელობას სოციალურ ქსელში ინფორმაციის მანიპულაცი მოეხდინა.
2016 წლის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, „ტვიტერი“ ახალი ამბების ყველაზე დიდ წყაროდ წარმოჩნდა, როდესაც ამ პლატფორმით ერთ დღეში 40 მილიონზე მეტი შეტყობინება გავრცელდა.