ის, ვისაც რუსეთი ტერორისტს უწოდებს, თურქეთისთვის ნათესავია

სურათზე: თურქმანული ბრიგადის მებრძოლები ჩრდილოეთ სირიაში

ვინ არიან თურქმანები, რომელთა გამოც, თურქეთმა სირიის საზღვარზე რუსული ავიამოიერიშე ჩამოაგდო?

თურქეთი არ იღებს რუსეთის ბრალდებას, რომ რუსული ავიამოიერიშის ჩამოგდება ისლამისტი ტერორისტების მხარდაჭერაა. საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, დღეს, თბილისში ხაზი გაუსვა, რომრუსულმა SU-24-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და სწორედ ამიტომ იქნა ჩამოგდებული.

თურქეთის ელჩის მოსაზრება სრულად გაიზიარა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმაც. მან უპირობო სოლიდარობა გამოხატა თურქი მოკავშირეების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ გზით, „ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“.

საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ნატოს წევრი, ლატვიის საგარეო საქმეტა მინისტრმა მინისტრმა ედგარას რინკევიჩსმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა არის „რუსეთის ბოლო დროინდელი პოლიტიკის შედეგი სირიაში“.

თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, მოსკოვის ბრალდების საპასუხოდ, რომ „თურქეთის მიზანმიმართული ისლამიზაცია ხდება“,კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ანკარა იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ

„თურქეთის საჰაერო სივრცე რუსეთის მოიერიშემ დაარღვია. ყველაზე ზუსტ ინფორმაციას ამ ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის ოფიციალური უწყებები ფლობენ. რაც შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას: თურქეთი ამ ბრძოლის წინა ხაზზეა. ჩვენ მათ დასახელებაში სიტყვა ისლამს არ ვიყენებთ, რადგან მას კავშირი არ აქვს ამ რელიგიასთან. ეს ორგანიზაცია უკვე გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.“

თურქეთი არ მალავს, რომ არ მიიჩნევს, ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ „სირიელ თურქმანების ბრიგადებს“ ტერორისტულ ორგანიზაციად. სწორედ ამ სამხედრო დაჯგუფების პოზიციებს ბომბავდა გუშინ რუსეთის სამხედრო ავიაცია.

თურქმანები სირიაში მცხოვრები თურქულენოვანი უმცირესობაა, რომლებიც ისტორიულად,თურქეთის მოსაზღვრე, სირიის - ლატაკიისა და ალეპოს პროვინციებში ცხოვრობენ. თუმცა დამასკო არ ცნობს, მათ როგორც ეთნიკურ ჯგუფს. სირიული წყაროების მიხედვით, ქვეყანაში 200 000-მდე თურქმანი ცხოვრობს, თურქული წყაროებით კი მათი რაოდენობა 3 000 000-ზე მეტია.

თურქმანებს მჭიდრო ნათესაური კავშირი აქვთ, მეზობელი თურქეთის პროვინციების: გაზიანთების, კილისისა და შანლიურფას მოსახლეობასთან. თურქმანების უფლებების დაცვა ათწლეულების მანძილზე, ანკარასა და დამასკოს შორის, სერიოზული დაპირისპირების მიზეზია.

ანკარას მიაჩნია, რომ სირია 1936 წლიდან უხეშად არღვევს თურქმანების უფლებებს (მათ აკრძალული ჰქონდათ საკუთარ ენაზე განათლების მიღების, წიგნების გამოცემის უფლება), სირიის სამოქალაქო ომის პერიოდში კი უამრავი თურქმანი ლტოლვილი, იძულებული გახდა თურქეთში გაქცეულიყო;

ოფიციალური დამასკო კი პირიქით თვლის, რომ თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს თურქმანულ სეპარატიზმს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაა, 2012 წელს, სტამბულში, „სირიელი თურქმანების დემოკრატიული მოძრაობის“ დაარსება. პარალელურად, თურქეთის არმიის სპეცნაზი, ბოლო ოთხი წელია წვრთნის და აიარაღებს თურქმანულ დაჯგუფებებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.

ვინაიდან, თურქმანები მჭიდროდ არიან დაკავშირებული, ასადის რეჟიმის მთავარ მოწინააღმდეგე „სირიის თავისუფალ არმიასთან“, 30 სექტემბერის შემდეგ, როცა მოსკოვმა სირიაში, ასადის რეჟიმის გადარჩენის მიზნით, სამხედრო მოქმედება დაიწყო, რუსეთის ავიაცია უმოწყალოდ ბომბავს თურქმანების პოზიციებს ბაირბუჯაკის რეგიონში.

სანამ 24 ნოემბერს, რუსულ ავიაგამანადგურებელს ჩამოაგდებდა, ანკარამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თურქმანების დაცვის მოთხოვნით. ასევე, საპროტესტო ნოტა გადასცა თურქეთში რუსეთის ელჩს. დღეს, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ ღიად განაცხადა, რომ „სირიის ბაირბუჯაკის რეგიონში არავითარი ტერორისტები არ არიან და ნურავის ატყუებენ“.

ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფის ანალიტიკოსი დავით ბატაშვილი ამბობს, რომ მოსკოვისა და ანკარას ასეთი მწვავე დაპირისპირება სირიაში გარდაუვალი იყო

„არსებითად, ამ ორი სახელმწიფოს ამბიციები ერთმანეთს უპირისპირდება, ეს არის ობიექტური რეალობა. ამიტომ დაპირისპირება გარდაუვალი იყო. სირიაში პირდაპირ ჩანს, რომ უაღრესად დაპირისპირებულია ამ ორი სახელმწიფოს ინტერესები.

სირიაში თურქეთს სურს ცალსახად და ულაპარაკოდ ასადის რეჟიმის მოშორება, ამაზე დიდი ფსონიც აქვს დადებული და ეს ანკარას უკომპრომისო პოზიციაა. მაშინ, როცა ამ მომენტში, რუსეთს აწყობს, რომ ასადი დარჩეს ხელისუფლებაში. ამიტომ, ეს კონფრონტაცია, რასაც ახლა ვხედავთ, აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია.“

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში, ცალსახად მოსკოვის მხარე დაიჭირა, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველმა რაულ ხაჯიმბამ. ეს იმ ფონზე, როცა აფხაზებს თურქეთში მრავალმილიონიანი დიასპორა ჰყავთ, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას.

დღეს რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ხელისუფლება სამხედრო დაპირისპირებას ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, ამ დრომდე არ გამოხმაურებია და დუმილის პოლიტიკას ინარჩუნებს.