გაერო ევროკავშირთან ერთად თურქეთის ხელისუფლებას აქციის ძალადობრივი დაშლისთვის აკრიტიკებს
Your browser doesn’t support HTML5
რამდენიმე კვირიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ, რომელმაც თურქეთის დიდი ქალაქები მოიცვა, ქვეყანაში სიჩუმემ დაისადგურა. ორგანიზატორებმა მდუმარე აქციით გამოხატეს მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტი. თუმცა, თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. სიჩუმემ და მშვიდობიანმა აქციამ სტამბოლის თაქსიმის მოედანზე დიდხანს არ გასტანა. პოლიციამ მიტინგი ძალადობრივი მეთოდებით დაშალა და ათეულობით ადამიანი დააპატიმრა.
ხელისუფლების მიერ გამოყენებულმა მეთოდებმა საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხში, ნავი პილაიმ სტამბოლის მოვლენები „სამართალდამცავების ექსტრემალურად მძიმე პასუხად“ შეაფასა. მეტინ ფეიზოღლუ, თურქეთის იურისტთა ასოციაციების პროფკავშირიდან ამბობს, რომ გაეროს რეაქციას თურქეთში მიესალმებიან.
“პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და სამიზნედ კონკრეტულ ადამიანებს ირჩევდა. სამართალდამცავები ცრემლსადენი გაზის იარაღს ისე ხმარობდნენ, როგორც ცეცხლსასროლს“ - ყვება ის.
პრემიერ ერდოღანის გადაწყვეტილებას ევროკავშირიც აკრიტიკებს. ქვეყნის ლიდერი კრიტიკაზე აგრესიულად პასუხობს და საკუთარი პარტიის სხდომაზე აცხადებს, რომ პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენების სრული უფლება აქვს.
„ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩემო მეგობრებო და ჩემო ქვეყანავ, იცოდეთ, რომ დღეიდან არანაირი ტოლერანტობა არ იქნება იმ ადამიანების, ან ორგანიზაციის მიმართ, ვინც ძალადობას ინსტრუმენტად იყენებს“ - განაცხადა პრემიერმა ერდოღანმა.
ფადი ჰაკურა „ჩათამ ჰაუზის“ პოლიტიკის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ თურქეთის ხელისუფლების ქმედება მის საზღვრებს გარეთ განგაშს და უარყოფით საერთაშორისო რეზონანსს იწვევს.
„კერძოდ, პროტესტზე უსაფრთხოების ძალების პასუხი ძალზე არაადეკვატური იყო. დაიწყო იმ პოზიტიური რეპუტაციის და საერთაშორისო ავტორიტეტის ნგრევა, რომლითაც რეჯებ ტაიპ ერდოღანი აქამდე სარგებლობდა“ - ამბობს ანალიტიკოსი.
გერმანიაში თურქეთის ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრობს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუიდო ვესტერვილემაც ერდოღანის მიმართ საყვედური გამოთქვა.
“იმედი გვქონდა, რომ თურქეთის ხელისუფლება დიალოგს არჩევდა. ამიტომ ვაკრიტიკებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც თურქეთის მთავრობამ მიიღო“ - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ევროპარლამენტმა ოფიციალური რეზოლუცია მიიღო, რომელშიც თურქეთის პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდების გამო შეშფოთება იყო გამოთქმული. ამას გარდა, კანონმდებლებმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტიც გააუქმეს.
“მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებით გამოყენება დაუყოვნებლივ და სრულად უნდა გამოიძიონ. პასუხისმგებელი პირები კი უნდა დაისაჯონ. ყველამ ვიცით, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, ამიტომ ქვეყანა დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების და პრაქტიკის დამკვიდრებას უნდა ცდილობდეს“ - აცხადებს კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ანალიტიკოსები, მათ შორის ფადი ჰაკურა „ჩათამ ჰაუზის“ პოლიტიკის ინსტიტუტიდან, შიშობენ, რომ ეს ყოველივე შესაძლოა თურქეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზეც აისახოს.
„ძალიან, ძალიან უკომპრომისო მართვის სტილი აქვს და ეს საერთაშორისო ინვესტორებს დააფრთხობს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც უარყოფითად აისახება“, აღნიშნავს ფადი ჰაკურა.
დღეისათვის ვითარება ასეთია: ერდოღანი პოლიტიკის შეცვლას ამ ეტაპზე არ აპირებს. პირიქით, პოლიციის ზედამხედველობას აძლიერებს კიდეც. თურქი კანონმდებლები კი საპროტესტო აქციების ზრდაში სოციალურ მედიას ადანაშაულებენ და მისი შეზღუდვისთვის გამიზნულ კანონზე მსჯელობენ.