სტამბოლში პოლიციამ 900 ადამიანი დააკავა

ანკარაში მომიტინგეებმა მანქანებსა და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. წესრიგის აღსადგენად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
სტამბოლსა და ანკარაში დღეს შედარებითი სიმშვიდეა შაბათთან შედარებით, როცა სტამბოლში დაწყებული დემონსტრაცია ერთი დღის განმავლობაში მთელს ქვეყანაში გავრცელდა.

ანტი-სამთავრობო დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ანკარაში მომიტინგეებმა მანქანებსა და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად პოლიციამ დემონსტრაციების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო დემონსტრაცია ახალგაზრდების ჯგუფმა დაიწყო, რომლებიც სტამბოლის ცენტრალური სკვერის სახის შეცვლის სარემონტო სამუშაოებს აპროტესტებდნენ. აქცია სწრაფად გადაიზარდა დემონსტრაციაში, რომელიც პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მმართველობის ავრორიტარული სტილის წინააღმდეგ იყო მიმართული
http://www.amerikiskhma.com/flashembed.aspx?t=phg&id=1673737&w=480&h=458&skin=embeded
ერდოღანმა მომიტინგეები გააკრიტიკა და დემონსტრაციებს ანტი-დემოკრატიული უწოდა. მისი თქმით, თურქეთში საპარლამენტო სისტემა გამართულად მუშაობს და მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი მცდელობა - გარდა არჩევნებისა - დემოკრატიაზე თავდასხმაა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დემონსტრაციების დაშლის პროცესში პოლიციამ 900 ადამიანი დააკავა. ასევე დაშავებულია 26 პოლიციელი და 53 სამოქალაქო პირი.