ერდოღანის საგანგებო მიმართვა

ერდოღანმა სპეციალური მიმართვა გააკეთა ქურთული უმცირესობის მიმართ და ყურადღება მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა
თურქეთის მმართველი პარტიის ეროვნულ ყრილობაზე პრემიერ მინისტრმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობის სათავეში მისი ყოფნის თითქმის ათწლიანი პერიოდი დასასრულს უახლოვდება, თუმცა, მან არ გამორიცხა პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობის გაგრძელების შესაძლებლობა.

2023 წელს თურქეთის რესპუბლიკა დაარსებიდან ასი წლისთავს იზეიმებს. რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით: „ჩვენ ბრწყინვალე მომავალი გველის. ჩვენი სამშობლო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდება.“

ბატონი ერდოღანი სამართლიანობის და განვითარების პარტიის ყრილობაზე ხელეხლა აირჩიეს თავმჯდომარედ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკანასკნელად არის თურქეთის პრემიერ მინისტრი, რადგან პარტიული წესდების შესაბამისად მხოლოდ სამჯერ შეიძლება მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დაკავება. როგორც თურქი პოლიტოლოგი ჩენგიზ აქტარი ამბობს: „ერდოღანის სიტყვაში ფარული მინიშნება იყო, რომ ის პრემიერ მინისტრის თუ არა, პრეზიდენტის პოსტზე მაინც გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ჩემთვის ნათელია, რომ ის ძალაუფლების დათმობას არ აპირებს.“

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ერდოღანი თავის საპრეზიდენტო კამპანიას ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლის აუცილებლობაზე ააგებს.

მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას ერდოღანმა სპეციალური მიმართვა გააკეთა ქურთული უმცირესობის მიმართ, სადაც მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქურთული პრობლემის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი და ძალადობას ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ეთქვას. როგორც სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი სოლი ოზელი აცხადებს:

„მე ვესწრებოდი მმართველი პარტიის ყრილობას და ჩემთვის თვალში საცემი გახდა იქ შექმილი ატმოსფერო. ლოზუნგების და სულისკვეთების რელიგიური შეფერილობა, რაც ნაციონალიზმთან იყო შეზავებული.“

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ერდოღანი ცდილობს თურქული სახელმწიფო მუსულმანური სამყაროსთვის მისაბაძ მოდელად წარმოაჩინოს.

ყრილობაზე, რომელსაც ეგვიპტის ახლად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ მორსიც ესწრებოდა, ერდოღანმა სამ საათიანი სიტყვა წარმოთქვა, რომლის დროსაც ერთხელ არ უხსენებია ევროკავშირი. არადა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება დღემდე თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ითვლებოდა. როგორც ექპსერტები აცხადებენ, პრემიერ მინისტრის სიტყვა, ძირითადად, მუსულმანური სამყაროსადმი იყო მიმართული.