საპროტესტო აქციამ ამჯერად არამარტო ქვეყნის უდიდესი ქალაქი, სტამბოლი, არამედ თურქეთის დედაქალაქი ანკარაც მოიცვა
Your browser doesn’t support HTML5
სტამბოლი კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგის მოწმე გახდა. უკმაყოფილება რამდენიმე დღის განმავლობაში მწიფდებოდა, მას შემდეგ, რაც დემონსტრაციის მონაწილე, ახმედ ატაკანი დაიღუპა. პოლიციის ვერსიით, ის სახურავიდან გადმოვარდა. დემონსტრანტები კი აცხადებენ, რომ მას ცრემლსადენი აირის ბალონი მოხვდა. ამ ფაქტის გამო სტამბოლის, თურქეთის უდიდესი ქალაქის ქუჩებში, ათასობით ადამიანი გამოვიდა.
თურქი მამაკაცი ხსნის, რომ საპროტესტო აქციაზე ახმედ ატაკანის დაღუპვის გამო მივიდა. მისი თქმით, ატაკანი რიგით მეშვიდე ადამიანია, ვინც დემონსტრაციების დარბევას შეეწირა. პოლიციის მხრიდან ძალადობას ვაპროტესტებთ და ისევ ძალადობის მოწმეები ვხდებით, ამბობს ის.
ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა მართლაც ძალის გამოყენებით დაარბიეს. მომიტინგეების დასაშლელად მათ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი იხმარეს. საპასუხოდ აქციის მონაწილეებმა ბარიკადების აგება და ქუჩებზე ცეცხლის გაჩაღება დაიწყეს. უსაფრთხოების ძალებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დემონსტრაციები კანონის დარღვევით ტარდება და პასუხი შესაბამისად მკაცრი და მტკიცე იქნება. პოლიციის ტაქტიკურმა სვლამ არ გაამართლა და სრულიად საპირისპირო რეაქცია გამოიწვია. ძალადობამ აქციების კიდევ უფრო დიდი ტალღის პროვოცირება მოახდინა. იასემინ ჯონგარი გამოცემიდან „თურქეთის ურთიერთობები“, ამბობს, რომ პოლიციის ქმედება კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა.
„საპროტესტო აქციები ამ მასშტაბს ვერაფრით მიაღწევდა, რომ არა პოლიციის მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, წყლის ჭავლის და ცრემლსადენი აირის ხმარება. აი ახლაც, თქვენ რომ გელაპარაკებით, წიწაკის შემცველი ცრემლმდენი აირის სუნი მცემს. არადა ის გუშინ ღამით გამოიყენეს. სწორედ ამიტომ მოხდა აქციების გააქტიურება“ - აღნიშნავს პოლიტიკური მიმომხილველი.
პოლიციის მიერ გამოყენებული ტაქტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლები კვირის ჩათვლით გაგრძელდა. ხალხმრავლობა იყო ქადიქოის უბანში, რომელიც სტამბოლის ცენტრში, ქალაქის აზიურ მხარეს მდებარეობს. უბანი მთავრობის ერთ-ერთი ძლიერი ოპონენტის, ქურთისტანის მუშათა პარტიის დასაყრდენია და ბოლო დროს მიმდინარე დემონსტრაციების ეპიცენტრად ითვლება.
კვირის დემონსტრაციაც ძალადობით დასრულდა. პოლიციამ კვლავ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიტინგის დაშლისას ბევრი დაშავდა.
თურქი ანალიტიკოსები ბოლო დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებს ადრეულ ზაფხულში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტის გაგრძელებად მიიჩნევენ. მათი აზრით, ეს ყოველივე პრემიერ ერდოღანის მმართველობაში მზარდ ავტორიტარიზმს უკავშირდება. მართალია ახლანდელმა აქციებმა რამდენიმე თვის წინანდელ მასშტაბს ვერ მიაღწია, მაგრამ ერდოღანი მაინც მკაცრი ზომებით იმუქრება და აცხადებს, რომ მისი მთავრობა კონსპირაციის მსხვერპლი გახდა.
თურქეთის პრემიერის თქმით, აქციები ორგანიზებულია იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც კარგად იციან, რომ საარჩევნო ყუთებთან წაგებული დარჩებიან. ასე, რომ მათი იმედი და მოლოდინი მხოლოდ ქუჩებს უკავშირდება. ჩვენ ვერ დავუშვებთ დემოკრატიული პროცესების წყვეტას, „ჩვენი ახალგაზრდები დემოკრატიას დაიცავენ და ახალ 12 სექტემბერს არაფრით დაუშვებენ“ - განაცხადა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.
12 სექტემბერი თურქეთში 1980 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების დღეა, როცა არმიამ წლების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკურ ძალადობაში ჩარევა გადაწყვიტა. მიმომხილველ იასემინ ჯონგარს მიაჩნია, რომ ერდოღანის მმართველობის მთავარი საფრთხე კონსპირაცია კი არ არის, არამედ ის მზარდი პოლიტიზირებაა, რომელმაც თურქული საზოგადოების დიდი ნაწილი მოიცვა. ის ნაწილი, რომელიც თავს მთავრობის პოლიტიკისგან გარიყულად მიიჩნევს.
„ადამიანები, ყველაზე მეტად სტამბოლში, თუმცა არამარტო იქ, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც, დარწმუნდნენ, რომ მათ შეუძლიათ გარეთ გამოსვლა და ხმის ამოღება. ამასთან, მათ ხმას მთელი მსოფლიო გაიგებს. ეს ხალხს ძლიერების შეგრძნებას აძლევს. არ მგონია, რომ ისინი ახლა გულხელდაკრეფილი, ჩუმად სახლში დაჯდნენ, მაშინ, როცა მათ წინ ახალი გამოწვევებია“ - აღნიშნავს იასემინ ჯონგარი.
მიმომხილველები შიშობენ, რომ სიტუაცია მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება. იმის გათვალისწინებით, რომ ერდოღანი ხალხის ხმას აღიქვამს, როგორც არა დემოკრატიული უფლებების გამოყენების მცდელობას, არამედ ქვეყნის დემოკრატიზაციის წინაშე მდგარ საფრთხეს, ისინი ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქციები ძველებურად გაგრძელდება, პრემიერი კი უსაფრთხოების ძალებს მათი დარბევის განკარგულებებს მისცემს. სცენარი კიდევ უფრო რეალური ხდება იმ ფონზე, როცა თურქეთი საარჩევნო ფაზაში შედის და მომავალ წელს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება.