ევროპა თავის დათესილს იმკის - ერდოღანი ენერგეტიკულ კრიზისზე

ევროპის წინაშე მდგარ მწვავე ენერგეტიკულ პრობლემებში თურქეთის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ რუსეთის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა დასავლურმა სანქციებმა გამოიწვია. „ევროპა იმკის იმას, რაც დათესა,“- თქვა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.

ასევე ნახეთ: "გაზპრომი": "გაზის მიწოდება არ განახლდება, ვიდრე გერმანია მილსადენს არ გაარემონტებს"

სამშაბათს, ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ერდოღანმა აღნიშნა, რომ სწორედ სანქციებმა აიძულა რუსეთის პრეზიდენტი შეეწყვიტა ევროპის ენერგომომარაგება. „პუტინი იყენებს ყველა თავის საშუალებასა და იარაღს. მათ შორის - ყველაზე მნიშვნელოვან ბუნებრივ აირს. სამწუხაროა, რაც ხდება. ვფიქრობ, ევროპას ამ ზამთარს სერიოზული პრობლემები შეექმნება. ჩვენ ასეთი პრობლემა არ გვაქვს, “- თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

რუსეთმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მილსადენით "ჩრდილოეთ ნაკადი 1" ევროპისთვის გაზის მიწოდება. გაზსადენი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის ყველაზე მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა. მოსკოვმა აღმოსავლეთით გადართო ნავთობის მიწოდებაც.

ნატოს წევრი თურქეთი ცდილობს ბალანსის შეინარჩუნოს უკრაინაში რუსეთის ომის პერიოდში დასავლეთსა და რუსეთს შორის.

ანკარა კიევის დახმარების პარალელურად ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს რუსეთის მიმართ და განაგრძობს რუსეთთან ვაჭრობას, ტურიზმისა და ინვესტიციებს.

Your browser doesn’t support HTML5

თურქეთი ბეწვის ხიდზე - როგორ შეიძლება დასრულდეს ანკარის დაბალანსებული პოლიტიკა

თურქეთი, რომელსაც შავი ზღვის მხრიდან საზღვრები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან, აცხადებს, რომ მოსკოვისთვის სანქციების დაწესება დააზარალებს მის ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას. ერდოღანი ამტკიცებს, რომ ის ორიენტირებულია მათ შორის შუამავლის როლზე.

მოსკოვი ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას ტექნიკური პრობლემებით ხსნის. "გაზპრომის" განმარტებით, გერმანული კომპანია, რომელიც გაზსადენის ტექნიკურ მომსახურებაზეა პასუხისმგებელი, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მის გამართულად მუშაობას.

მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო სანქციების რამდენიმე რაუნდი დაუწესა, გაზის მიწოდება რუსეთიდან ევროკავშირის ბევრ ქვეყანას შეუმცირდა. გაზაფხულიდან მოყოლებული, ევროპელი ლიდერები თანამოქალაქეებს ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებენ.

ევროპა რუსეთს გაზის "ომის იარაღად", მათზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოყენებაში სდებს ბრალს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ზამთარში გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.