თურქი ექსპერტები ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივებზე საუბრობენ

თურქი ექსპერტები ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივებზე საუბრობენ

ვაშინგტონი ანკარასა და თელ ავივს უთანხმოებების გადაჭრისკენ მოუწოდებს

გასული რამდენიმე წლის მანძილზე თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა აშკარად გაუარესდა. ამ პროცესს ხელი შეუწყო მაისში ღაზას სექტორში მიმავალ თურქულ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ განხორციელებულმა რეიდმა, რის შედეგადაც რამდენიმე თურქი მოქალაქე დაიღუპა. შედეგად ორმხრივ ურთიერთობებში საშიში დინამიკა წარმოიქმნა. მაგრამ შეერთებული შტატების ეგიდით ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის მცდელობის ფონზე, ვაშინგტონი ორივე ქვეყანაზე ზეწოლას ახდენს რათა მათ შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯოუნსი სტამბოლიდან იუწყება, ხსენებული დიპლომატიური საქმიანობა შეიძლება ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

თურქულ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ნიუ იორკში მოახლოვებული გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდება.

მაისში ღაზაში მიმავალ თურქულ ჰუმანიტარულ გემზე მომხდარი რეიდიდან მოყოლებული ეს პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა იქნება თურქეთისა და ისრაელის ოფიციალურ პირებს შორის.

როგორც ცნობილია, ხსენებული რეიდის შემდეგ თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია. ამას გარდა ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში ისრაელის ელჩი გამოიძახა და მას საპროტესტო ნოტა გადასცა. თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა ისრაელი ტერორიზმში დაადანაშაულა. საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ თურქეთის ბრალდება დაგმო.

ორმხრივი ურთიერთობების გაურესების ფონზე ვაშინგტონმა ორივე მხარეს უთანხმოებების გადაჭრისკენ მოუწოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სელიმ იენელი იმ თურქრული დიპლომატიური მისიის წევრი იყო, რომელიც ახლახან ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

„როცა ჩვენ ვაშინგტონში ვიყავით, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამ საკითხის გადაჭრა აუცილებელია და თუ შეერთებული შტატები თავის დადებით გავლენას ამ სფეროში გამოიყენებს მით უკეთესი იქნება. ჩვენ არსებული მდგომარეობიდან გამოსვლას ვლამობთ, მაგრამ ვგრძნობთ, რომ თუ ჩვენ ერთმანეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოები ვართ, მაშინ ერთმა მხარემ დაღვრილი სისხლისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. ამ ინციდენტს ხომ თურქეთის მოქალაქეები ემსხვერპლნენ. ვფიქრობ თუ ისრაელი ბოდიშს მოიხდის და დაზარალებულებს კომპენსაციებს გადაუხდის, ეს იქნება ამ საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზა და ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში ახალ ფურცელს გადავშლით,“ აღნიშნა სელიმ იენელმა.

თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებში დიპლომატიური საქმიანობის აღდგენის მცდელობები შეინიშნება. მაგრამ თურქი დიპლომატიური საქმიანობის ექსპერტი სემიჰ იდიზი აღნიშნავს, რომ ისრაელის კოალიციური მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენას ეწინააღმდეგება. მისი თქმით:

„ამას წინათ ისრაელის ვაჭრობის მინისტრ ბინიამინ ბენ-ელიეზერსა და ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ ისრაელის მთავრობის გარკვეულ ელემენტებს ამ ინიციატივის გაგრძელება არ სურდათ. მათ დეტალები მედიაში გაჟონეს. ისინი ახლა იმასაც აცხადებენ, რომ მათ ფლოტილიაზე განხორციელებულ რეიდთან დაკავშირებით ისრაელის მხრიდან თურქეთის მიმართ ოფიციალური ბოდიშის მოხდას შეუშალეს ხელი. ამდენად პრობლემა არა თურქეთს ან ვაშინგტონს უკავშირდება, არამედ ისრაელში შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებას.“

თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია პალესტინელების მიმართ ისრაელის მთავრობის პოლიტიკას გამუდმებით აკრიტიკებს. ანკარას განსაკუთრებით აშფოთებს თელ ავივის მიერ ღაზას სექტორზე დაწესებული ბლოკადა.

თურქეთის კრიტიკას ისრაელის მიმართ არაბულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისრაელ-თურქული ურთიერთობების გაუარესებამ რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ლიდერი შეაშფოთა.

ვინაიდან თურქეთს ტრადიციულად შეერთებულ შტატებთან, ისრაელსა და არაბულ სამყაროსთან მჭიდრო კავშირები ახასიათებდა, ანკარა რეგიონში უნიკალურ პოზიციას იკავებდა. მაგრამ საერთაშორისო საკითხების ექსპერტი კადირ ჰასის უნივერსიტეტში სოლი ოზელი აღნიშნავს, რომ თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებში წარმოქმნილი კრიზისის გამო ანკარას სტატუსი რეგიონში მნიშვნელოვნად დაზიანდა.

„თურქეთის ურთიერთობა ისრაელთან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის რადგან თურქეთს ბევრის გაკეთება შეუძლია. მას ისრაელთან ოდესღაც კარგი ურთიერთობები ჰქონდა. ხოლო ამ ინციდენტის შედეგად თურქეთის მანევრირების უნარი შეიზღუდა,“ აღნიშნა სოლი ოზელმა.

გასულ ივლისში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ისრაელ-თურქეთის ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ანკარა დამასკოსა და იერუსალიმს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიურად შუამავლობდა. დიპლომატიური საქმიანობა ამ მიმართულებით ახლა მთლიანად გაჩერებულია რადგან ისრაელის მთავრობას ანკარასთან ურთიერთობა აღარ სურს.

მაგრამ შეერთებული შტატების ეგიდით ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის აღდგენის მცდელობის ფონზე, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ანკარამ შეიძლება ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს რადგან მას შეუძლია დაარწმუნობს ჰამასის მოძრაობა დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის საბოლოო მოგვარების მიზნით. თუმცა თურქი ექსპერტი იდიზი იქვე აღნიშნავს, რომ მართალია თურქეთის მთავრობას მოძრაობა ჰამასთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, ანკარას როლი უმეტესწილად ისრაელთან ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული.

„ვფიქრობ თურქეთსა და ისრაელში კეთილგონივრულ ელემენტებს ესმით, რომ ორმხრივი ურთიერთობები უცებ არ ჩამოყალიბებულა. ამას ხომ 50 წელი უძღვოდა წინ. თურქეთი იყო პირველი ისლამური სახელმწიფო, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოებრიობა აღიარა,“ აღნიშნა სემიჰ იდიზმა.

მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს ოზელს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები მოაწესრიგეს, უნდობლობა ორ მთავრობას შორის კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.

„თურქეთსა და ისრაელს შორის სტრუქტურული პრობელემი შეინიშნება. თურქეთი ისრაელს დესტაბილიზაციის ერთ-ერთ წყაროდ აღიქვამს. იმავდროულად თურქეთს რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაცია და სტაბილურობა სურს. ხოლო თუ ისრაელისა და თურქეთის პროექტებს შორის უთანხმოება არსებობს, მაშინ პრობელემები ყოველთვის წარმოიქმნება,“ დასძენს სოლი ოზელი.

ვინაიდან ორმხრივ ურთიერთობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თურქეთი და ისრაელი შეიძლება მალე მიხვდნენ იმას, რომ უთანხმოებების გადაჭრა უწინარეს ყოვლისა მათ ინტერესებს ემსახურება.