თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დღეს დაიმუქრა, რომ შეერთებული შტატების მიერ თურქეთის წინააღმდეგ მიზანმიმართული ეკონომიკური ომის საპასუხოდ, ამერიკულ ელექტრონულ საქონელს ბოიკოტს გამოუცხადებს.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურმა დავამ თურქეთში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და თურქული ლირის რეკორდული ვარდნა გამოიწვია.
ერდოღანმა თქვა, რომ „თუ მათ „აიფონი“ აქვთ, სადღაც „სამსუნგი“ არსებობს. ჩვენს საკუთარ ქვეყანაში კი „ვესტელი“ გვაქვს“.
მან ხალხს მოუწოდა, ეროვნული ვალუტის გასაძლიერებლად ამერიკული დოლარი ლირაზე გადაცვალონ.
წელს ლირა 40 პროცენტით გაუფასურდა. ის პარასკევს 16 პროცენტით, ორშაბათს კი დამატებით 7 პროცენტით დაეცა. სამშაბათს ვალუტის შედარებითი სტაბილიზაციის შემდეგ მან 5 პროცენტით მოიმატა.
თურქულმა ბიზნეს ჯგუფებმა მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართეს, რათა ვალუტის კრიზისის დასაძლევად უფრო მკაცრი ფისკალური წესები შემოიღოს. მათ ასევე თქვეს, რომ თურქეთმა შეერთებულ შტატებთან შექმნილი ვითარების დიპლომატიური გზით გადასაჭრელად უნდა იმუშაოს და იმავდროულად, სხვა წამყვან სავაჭრო პარტნიორთან, ევროკავშირთან ურთიერთობები უნდა გააუმჯობესოს.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის „ყველა საჭირო ზომას“ მიმართავს და ბანკებს საჭირო რაოდენობის ფულით უზრუნველყოფს.
ამ ფონზე, მსოფლიო საფონდო ბირჟებზე იმედგაცრუება შეინიშნება იმის გამო, რომ ბანკმა საპროცენტო განაკვეთი არ გაზარდა, რაც ბევრი ეკონომისტის აზრით, ფინანსურ კრიზისს შეარბილებდა.