უთანხმოება თურქული პოლიტიკის უმაღლეს ეშელონებში

თურქეთის არმიის მიერ ქურთების მეამბოხე ნაწილზე, ქურთისტანის მუშათა პარტიაზე გახშირებული თავდასხმა ქვეყნის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს და პრემიერ-მინისტრ დავუთოღლუს შორის მზარდი უთანხმოების მიზეზი გახდა. დავუთოღლუ მზადაა პარტიის ლიდერებთან მოლაპარაკება გამართოს, თუკი ისინი საკუთარ ძალებს თურქეთის ტერიტორიიდან გაიყვანენ. ამ განცხადების გამო მან ერდოღანისგან საყვედური მიიღო. პრეზიდენტი მოლაპარაკებას საერთოდ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამბოხებულებს მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ: დანებება, ან სიკვდილი.

თურქეთის ორ ლიდერს შორის უთანხმოებას ადგილი მანამდეც არაერთხელ ჰქონია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მაშინ, როცა დავუთოღლუმ შეშფოთება გამოთქვა აკადემიური წრეების წარმომადგენლების წინასწარი დაკავების საკმაოდ წინააღმდეგობრივი საქმის გამო. ისინი თურქეთის პოლიციამ პეტიციის შედგენის საფუძველზე დააპატიმრა, რომელშიც აკადემიური წრეების წარმომადგენლები ხელისუფლებას ქურთისტანის მუშათა პარტიასთან მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებდნენ. ერდოღანს გაღიზიანების დამალვა არც უცდია.

“რატომ არ უნდა დავაკავოთ აკადემიური წრეების წარმომადგენლები?” - იკითხა მან. “თურქეთმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტერორისტების მხარდამჭერებს მოქალაქეობა ჩამოართვას”. სინან ულგენი, კარნეგის ინსტიტუტის მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს ყოველივე თურქეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლის უფრო და უფრო მეტ გაღრმავებაზე მიუთითებს.

თურქეთის კონსტიტუციის მიხედვით, აღმასრულებელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელშია. მაგრამ ჩვენ ისეთი მართვის მოწმენი ვხდებით, როცა პრეზიდენტი თავის თავზე თითქმის ყველა აღმასრულებელ გადაწყვეტილებაზე საუბრის ინიციატივას იღებს. ამგვარი აზრთა სხვადასხვაობის წარმოშობის თვითმხილველი კიდევ დიდხანს ვიქნებით. ეს გარდაუვალია. თუმცა, ჯერჯერობით პოლიტიკურ არენაზე ერდოღანი დომინანტურობას ინარჩუნებს” - აღნიშნავს ის.

ერდოღანს თურქეთის წამყვანი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის მართვის სადავეები ხელში საკმაოდ ძლიერად უჭირავს. დავუთოღლუს კაბინეტის ბევრი წევრიც მისი ერთგულია. ვიდრე ერდოღანი მისივე სიტყვებით, ტერორისტებისადმი კეთილგანწყობილი ადამიანებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ზრუნავდა, დავუთოღლუ აცხადებდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მაშინ პრემიერ-მინისტრს იუსტიციის მინისტრიც დაუპირისპირდა, რომელმაც თქვა, რომ თურქეთი ამ მიმართულებით საჭირო ზომებს იღებს.

გაზეთ “ჯუმჰურიეთის” და ვებგვერდ “ალ მონიტორის” პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი ამბობს, რომ დავუთოღლუს მიმართ პარტიაში მხარდაჭერის შესუსტების და მთავრობიდან იზოლაციის მიუხედავად, ერდოღანისთვის მისი მოცილება იოლი საქმე არ იქნება.

სამართლიანობის და განვითარების პარტიის და მთლიანად ქვეყნის საქმე ისეა, როგორც ქარიშხალში მოხვედრილი გემის. კაპიტნის კაიუტასთან ბრძოლა არაფერს მოიტანს, მაშინ როცა ამდენი საშინაო და საგარეო პრობლემა გვაქვს. ამის გამო შეიძლება სულ ყველა ბევრად უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, ვიდრე ადრე. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლისთვისაც მას (ერდოღანს) ანგარიშის გაწევა მოუწევს” - ამბობს მიმომხილველი.

ერდოღანი პირველი პრეზიდენტია, რომელიც თურქებმა საყოველთაო არჩევნების გზით აირჩიეს. ის კონსტიტუციური რეფორმის გატარებას ცდილობს, რომლითაც საპრეზიდენტო ძალაუფლებას კიდევ უფრო გაიფართოებს. მაგრამ დავუთოღლუ ამ საქმეში დიდ ენთუზიაზმს არ ავლენს. მართალია, დავუთოღლუ პარტიის ლიდერად ისევ ერდოღანმა დაასახელა, მაგრამ სემი იდიზის აზრით, ნოემბრის არჩევნების შემდეგ პრემიერი საკმაოდ დამოუკიდებელი გახდა.

დიახ, ის თავიდან ერდოღანმა დააწინაურა და მან პირველი არჩევნები წააგო კიდეც, მაგრამ მეორეზე მაინც მოიგო. თან არა უბრალოდ მოიგო, არამედ დიდი უპირატესობითაც. ადრე თუ გვიან, ის ამ ბერკეტს გამოიყენებს. დავუთოღლუ შედარებით ზომიერ და ოდნავ უფრო ლიბერალურ ხაზს ატარებს. ამაზე ანკარაში ჩემი დიპლომატიური კორპუსის წყაროებიც ლაპარაკობენ” - აღნიშნავს იდიზი.

რაც დრო გადის, დავუთოღლუ დასავლეთის დიპლომატების მეტი თანაგრძნობით სარგებლობს. ისინი მას უფრო და უფრო ხშირად უწოდებენ ზომიერების ხმას, რაც ანალიტიკოსების აზრით, ერდოღანის თანდათან უფრო მეტი სიბრაზის საგანი ხდება.