თურქეთმა კიდევ ასობით ადამიანი დააკავა

2016 წლის ივლისში ჩაშლილ გადატრიალებასთან დაკავშირებით, თურქეთის პოლიციამ სამხედროებს შორის მორიგი რეიდები ჩაატარა. სამართალდამცავებმა დღეს დამატებით ასობით ადამიანი დააკავეს. რამდენიმე დღით ადრე, თურქეთში ჟურნალისტები და აკადემიური წრის წარმომადგენლებიც აიყვანეს.

დაკავებულებს ბრალად ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირ - ფეთულა გიულენთან - კავშირი ედებათ. ანკარა მას სამხედრო გადატრიალების ორგანიზების მცდელობას აბრალებს, რომელმაც 2016 წელს 250 ადამიანი შეიწირა. ფეთულა გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში, შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ "ჰიუმან რაითს უოჩი", თურქეთის ქმედება დაგმო. ევროპის კავშირის პარლამენტარებმა კი წამოაყენეს წინადადება, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუჩერონ.